“სამწუხაროდ პრემიერის დღევანდელი პრესკონფერენცია გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რომელი პოლიტიკაც დიდ ტყუილს ეფუძნება. ტყუილს ხალხთან მიმართებაში, დაპირებებთან მიმართებაში და ოპოზიციასთან მიმართებაში”.
ბარამიძეს არ მოეწონა პრემიერის დამოკიდებულება მთავარ ოპოზიციურ ძალასთან და მოუწოდა მას, რომ უფრო სერიოზულად მოიქცეს ოპონენტების მიმართ.
“რას ნიშნავს, რომ არ იცის ვინ არის მისი მთავარი ოპოზიციური ძალა? ეს უკბილო ხუმრობა ნიშნავს მის არასერიოზულ დამოკიდებულებას ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. ვურჩევ ღარიბაშვილს ოპონენტების მიმართ მოიქცეს უფრო სერიოზულად. ეს ალბათ მისი პოლიტიკური უმწიფრობის ბრალია და ნამდვილად არ წაადგება დემოკრატიის განვითარებას პირველი პირის ასეთი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ”.
ბარამიძე აცხადებს, რომ პრემიერის პრესკონფერენციის უდიდესი ნაწილი მიმართული იყო “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისა და ლანძღვისკენ და არა იმ მნიშვნელოვანი საკითხების წინა პლანზე გამოტანისთვის, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოა. უმცირესობის დეპუტატის თქმით, მან დღეს კიდევ ერთხელ დაინახა მთავრობის ინფანტილური და არასერიოზული მიდგომა ეკონომიკასთან მიმართებაში და მთლიანად ქვეყნის მართვაში.