_ მიუხედავად საზოგადოების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებული უარყოფითი დამოკიდებულებისა, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აგრძელებენ ძვირადღირებული ავტომობილების დიდი რაოდენობით შეძენას და დაკავებულნი არიან საკუთარი კომფორტის შექმნით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე როცა გასული წელი სახელმწიფო ბიუჯეტმა დაასრულა მილიარდიანი გარღვევით, ეკონომიკას დააკლდა მილიარდნახევარ ლარზე მეტი ხოლო წელს მთავრობა იღებს მილიარდ 600 მილიონიან ვალს მაშინ როცა იგი ვერ ასრულებს ვერც ერთ წინასაარჩევნო დაპირებას, ხალხის კეთილდღეობა კი, ყველა საზომით, უარესდება. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი მტიკცება იმის შესახებ რომ დღევანდელი მთავრობა ფუფუნებაზე ამბობს უარს არის “ქათული ოცნების“ ხელწერად ქცეული კიდევ ერთი ტყუილი.
მნიშვნელოვანია, რომ ის ავტოპარკი რომელიც დახვდა “ქართულ ოცნებას” არის საკმაოდ თანამედროვე და არ საჭიროებს სასწრაფო განახლებას. ამის გათვალისწინებით გაუგებარია რატომ დახარჯა მთავრობამ მოსვლის დღიდან მანქანების, მათ შორის ძვირადღირებული მანქანების შესაძენად 90 მილიონ ლარზე მეტი.
საზოგადოებას კარგად ახსოვს მთავრობის მცდელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ექსცენტრიული თავმჯდომარისთვის ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის ფაქტი გაესაღებინა როგორც იზოლირებული შემთხვევა. კერძოდ, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ საჯაროდ გააკრიტიკა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე. ამ განცხადებიდან სულ ცოტა ხანში, კალაძის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ მხოლოდ ერთ დღეში მილიონ 135 ათასი ლარის მანქანები შეიძინა. მხოლოდ ამ ერთ შესყიდვაში შედის 30 “ტოიოტა ქემრი” 60 ათას 621 ლარად. ასევე მოხდა სამი ძვირადღირებული ჯიპის “ტოიოტა ლენდკრუიზერის” შეძენა (თითოეულის ფასი 116 ათასი ლარი) და ორი “ლენდკრუიზერ პრადო.”
მხოლოდ 2013 წლის იანვრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანქანებში გადაიხადა 22 მილიონ ლარზე მეტი, რაშიც არ შედის დეპარტამენტების მიერ შესყიდული მანქანებისთვის გადახდილი თანხა. შესყიდვების დოკუმენტაციაში ჩანს, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის, საჭირო მანქანების გარდა, ეს უწყება ძვირადღირებულ მანქანებსაც ყიდულობს, სავარაუდოდ, თანამდებობის პირებისთვის.
მაგალითად, 2013 წლის აპრილში 630ათას ლარად სამინისტრომ ცხრა “ტოიოტა ჰაილენდერი” შეიძინა (თითოეული 70ათასი ლარად). ამის შემდეგ სამინისტრომ 43 ათას 700 ლარად ღირებული სამი ერთეული “ტოიოტა ჰაილუქსი“ და სამი ერთეული “ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ შეისყიდა, თითოეული 63 ათას ლარად. ამას მოჰყვა კიდევ ორი, 93 ათას ლარად ღირებული “ლენდკრუიზერ პრადო“. 2013 წლის აპრილში შსს მომსახურების სააგენტომ უახლესი “ტოიოტა ლენდკრუიზერ 200“ იყიდა რაშიც სამინისტრომ 121 ათას 700 ლარი გადაიხადა. სააგენტო წელს ძვირადღირებულ მანქანებში, რითაც, სავარაუდოდ, თანამდებობის პირები ისარგებლებენ, 600 ათასი ლარის დახარჯვას ისევ გეგმავს. ყველას კარგად ახსოვს კრიმინალი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის 174 ათას ლარად შეძენინი “ლექსუსის“ ჯიპი რომელიც ჯერაც პროკურატურის ბალანსზეა.
ძვირადღირებული მანქანების შეძენის განსაკუთრებული მადით გამოირჩევა თბილისის საკრებულო, მიუხედავად იმისა რომ მას გააჩნია 2012 წელს სრულიად განახლებული ავტოპარკი და არც ახალი წევრები დამატებია. მხოლოდ 2013 წელს ძვირადღირებული ახალი ავტომანქანები შეიძინეს: “ჰიუნდაი x35“ 37 ათას 515 ლარად, ასევე “კია ოპტიმას” 44 ათას ლარად და 6 ცალი “ჰიუნდაი ელანტრას“ ძვირადღირებული ავტომანქანები, _ აღნიშნულია “ნაციონალური მოძრაო9ბის” მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.