ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “მთავრობა გამოეხმაურა იმ ზაობას, რომელიც ინა გუდავაძეს და ბადრი პატარკაციშვილის სხვა ოჯახის წევრებს აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მათთან გაფორმებული მორიგების ხელშეკრულება საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ. რა თქმა უნდა, მთავრობის ყველა წევრისა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მორიგების ხელშეკრულება გახდება საჯარო. მთავრობის გადაწყვეტილებით, მორიგების ხელშეკრულების გასაჯაროების უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს მიენიჭა.
ხვალ დილით, იუსტიციის სამინისტროში, პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ბრიფინგს გავმართავთ, სადაც მორიგების ხელშეკრულების ავთენტური ვერსია, დოკუმენტების 2 ნაწილი საჯარო გახდება.”
წულუკიანის განცხადებით, მორიგების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება თხოვა: “მთავრობის სხდომაზე შსს-ს დახმარება მოვითხოვე _ თუ კი ვინმე მთავრობისგან და ბადრო პატარკაციშვილის ოჯახისაგან დამოუკიდებლად განიზრახავს სოციალური ქსელით რაღაც გაურკვეველი დოკუმენტების ასლები დაარიგოს, ეს ასლები არ იქნება ჩათვლილი ავთენტურ დოკუმენტად. საქართველოს მთავრობა ვალდებულია, სანამ არ იქნება პროცედურა დაცული, მორიგების ხელშეკრულება რამდენიმე საათით კონფიდენციალურად შეინახოს. იგივე აზრზეა ოჯახიც.
მინდა მოუწოდო ყველას _ არ გააკეთონ ის, რაც ქვეყნის ინტერესს დააზიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან, ვინ არის მორიგების ხელშეკრულების ასლების გავრცელების წყარო,” _ თქვა წულუკიანმა.