ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე–5 საერთო კრებაზე განაცხადა, რომ ეს წელი იმ არასამთავრობო სექტორისთვის, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, საკმაოდ რთული იქნება. ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ საქართველოს საზოგადოებას წინ ელის.
“რა თქმა უნდა, ნორმალურია ის, რომ ყველა ქვეყანაში არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც სხვა ინტერესები და მიდგომები აქვთ. ბუნებრივია, საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან. ეს სიტუაციას უფრო საინტერესოს ხდის. შესაძლოა, ეს გამოწვევები უფრო სხვა სტილით იყოს წარმოდგენილი, შესაძლოა, ამ გამოწვევებს გარკვეული მხარდაჭერაც ჰქონდეს.
მე ვფიქრობ, რომ იმ ხალხისთვის, ვისთვისაც ევროპული ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოწვევა საკმაოდ რთული იქნება. თუ გავიხსენებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ციდან გამზადებული სახით არაფერი ვარდება და ამ ყველაფერს თან ახლავს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეასრულოს. გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ ეს მოთხოვნები საქართველოს მოსახლეობის ცხოვრებას უფრო აუმჯობესებს, თუმცა კიდევ არის სხვა ფაქტორები, რომელიც დროთა განმავლობაში შეიცვლება. არის გარკვეული საკითხები, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ ქრება ან დადებითისკენ იცვლება. საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს, თუ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად გაივლის”, _ განაცხადა ელჩმა და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობას ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში.
“გეუბნებით, რომ მომავალში თქვენ გექნებათ ბევრი გამოწვევა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც განსაკუთრებით საუბრობენ ქართულ ტრადიციებზე, სტანდარტებზე, საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გარყვნილია ევროპა, რამდენად სულელურია ევროპული შემწყნარებლობა, ტოლერანტობა და ასე შემდეგ. უამრავ ასეთ კრიტიკას მოისმენთ თქვენი თანამოქალაქეებისაგან. საბოლოო ჯამში, არასამთავრობოების მოვალეობაა, რომ იმუშაონ საზოგადოებასთან. რაც შეეხება ხალხის შეხედულებებს, ამას სწორედ არასამთავრობოები აყალიბებენ და ამიტომაც ეძახიან მათ სამოქალაქო საზოგადოებას. ისინი თვითონ დამოუკიდებლად არ არიან სამოქალაქო საზოგადოება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელი ნაწილები არიან. მათ ევალებათ საზოგადოებრივი აზრის გარდაქმნა. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა თქვენთვის, რომლის წინაშეც მომავალ წელს დადგებით. თქვენ უნდა მოძებნოთ შესაბამისი პასუხები მათთვის, ვინც ცდილობენ, რომ საქართველოს დღის წესრიგი სხვა მიმართულებით წაიყვანონ. ის, თუ როგორ მოახდენთ რეაგირებას, თქვენზეა დამოკიდებული”, _ მიმართა დიმიტროვმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებას.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის აღნიშნულ განცხადებას, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვის ან რას გულისხმობდა დიმიტროვი. ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს, რათა დასავლეთისკენ სწრაფვას ხელი არაფერმა შეუშალოს.
თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ საპარლამენტო უმცირესობაში, სადაც დიმიტროვის ზემოთ მოყვანილ განცხადებას რელიგიურ შეხედულებებს უკავშირებენ.
“მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეს რელიგიას ძალიან არასწორი, არატოლერანტული გაგება ახასიათებს და ასევე ამბიცია – რა უნდა გვასწავლოს ბებერმა გაფუჭებულმა ევროპამ, როცა ყველაზე ბრძენი, გამორჩეული ერი თავად ვართ”, _ აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი და დასძენს, რომ არაა გამორიცხული ასეთი ძალების უკან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იდგნენ, რომლებიც რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებენ, რასაც აბსურდულს უწოდებს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.
როგორც ბერიძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რელიგიური და სხვადასხვა კონსერვატიული შეხედულებები, რომლებიც ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა გააჩნდეს, პრორუსულობას და დასავლეთის უარყოფას აბსოლუტურად არ ნიშნავს.
“ვერ ვხედავ გამოკვეთილ პრორუსულ ფრთას ხელისუფლებაში. თუ ზოგიერთი სუპერკონსერვატული შეხედულება პოპულარულია სახელისუფლებო წრეებში და გარკვეული მიდგომები აქვთ მართლმადიდებლურ როლთან, ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსული ორიენტაციის არიან და და ოცნებობენ დასავლეთმა ზურგი შეგვაქციოს”, _ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, ისევე როგორც ხელისუფლება და ქვეყნის ელიტა, საზოგადოების უმრავლესობაც ევროპული ინტეგრაციის მომხრეა.
“ვფიქრობ, მთლიანობაში პოლიტიკური კლასი და ქვეყნის ელიტა, ისევე როგორც მოსახლეობა, ევროპული ინტეგრაციის მომხრეა და ეს განწყობა 90-ანი წლების დასაწყისიდან მოდის. უფრო მეტიც, საკითხი ასე არ დგას – რუსეთი თუ ევროპა? აღმოსავლეთი თუ დასავლეთი?
პრორუსული პოლიტიკოსებიც, როგორც ამას ცალკეულ პირებს მიაწერენ, მკვეთრად გამოხატული პრორუსულები არ არიან. საზოგადოების უმრავლესობა ევროპაში საქართველოს სვლის მომხრეა, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური აღორძინება, რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ძალიან ძნელი იქნება. სწორედ ამიტომ ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს და მათი უმრავლესობა იქიდან ოჯახებს არჩენს. ბუნებრივია მათ დიანდაზებით იქ არავინ ხვდება, მაგრამ არსებითად, არც დაპირისპირება და დევნა არ ხორციელდება, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ მომენტებს, როდესაც ქართველები გამოასახლეს და საქართველოში დააბრუნეს. ეს მომენტიც არსებობს საიმისოდ, რომ გარკვეული განწყობა რუსეთის მიმართ პოზიტიური იყოს.
ვფიქრობ, საზოგადოება სწორად და საღად აფასებს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ბერიძე და დასძენს, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო პრაგმატულები, რეალისტები არიან, ვიდრე სააკაშვილის მთავრობა.
“დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობა უფრო კარგად ესმის, განსხვავებით სააკაშვილის ხელისუფლებისგან, რომელსაც თავის გამოჩენა უნდოდ დასავლეთთან და რიტორიკის თვალსაზრისით უფრო აქტიური იყო”, _ განმარტავს ექსპერტი.