პარლამენტმა მეურვეობის დასახელებულ კანდიდატებს 2013 წლის 27 დეკემბერს უყარა კენჭი და მხოლოდ 3 კანდიდატს დაუჭირა მხარი.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ -საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატი – მარინა მუსხელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი – ქეთევან მსხილაძე და საპარლამენტო უმრავლესობის – “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატი, ნათელა სახოკია.
სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა – ლელა გაფრინდაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, ნინია კაკაბაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, გენადი გელაძემ სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს.
დღეს, კიდევ ერთ მორიგ სხოდმაზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს, ნინია კაკაბაძეს და გენადი გელაძეს პარლამენტმა მხარი ისევ არ დაუჭირა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდში საპარლამენტო უმცირესობის მიერ შეთავაზებული ნინია კაკაბაძის კანდიდატურა, კენჭისყრის შედეგით – 44 მომხრე, 45 წინააღმდეგი, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გენადი გელაძე შედეგით – 44 მომხრე, 34 წინააღმდეგი – “ჩავარდა”.
პარლამენტმა მხარი მხოლოდ სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებულ ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას დაუჭირა და ის 117 ხმით ერთხმად დაამტკიცა.
გარდა ამისა, კენჭისყრის დაწყების წინ უმცირესობისა და ე.წ. უპარტიო დეპუტატების სახელით პარლამენტს დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარა. როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განმარტა, დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურა კანონის მთელი რიგი პუნქტებისა და ვადების უხეში დარღვევით იყო წარდგენილი.
დროში გაწელილ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევას ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფსება მოჰყვა. თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ პროცესი პოლტიზირებულია და სწორედ ამიტომ გვიანდება ბორდის დაკომპლექტება.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევაზე საუბრობს საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრი ია ანთაძე. მისი თქმით, პარლამენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადები დაირღვა, რადგან კანონმდებლობით განსაზღვრული 9 კანდიდატი სრულად ამ დრომდე არაა დასახელებული.
ბორდის დაკომპლექტების საკითხს გამოეხმაურა კახეთის ყოფილი გუბერნატორი და უცმირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
“მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის ყველა წევრს. მართლაც თავდადებულად იმუშავეთ. როგორც “პირსისხლინი რეჟიმის რელიქტი” არ გაკრიტიკებთ, რომ 27-ეულში ქალბატონი მარინა მუსხელიშვილი მოხვდა. “რეალპოლიტიკიდან” გამომდინარე, თქვენ, ალბათ, ფიქრობდით, რომ 27-ეულში საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობისთვის ცალსახად მისაღები კანდიდატურაც უნდა ყოფილიყო. შეიძლება ვცდები, ასეთ მოტივაციას რომ მოგაწერთ და მაპატიეთ. მაგრამ თუ ასეთი გათვლები გქონდათ, ამის გამო კრიტიკას არ იმსახურებთ.
მადლობა ეკუთვნის 27-ეულის იმ ნაწილს, რომლებმაც არ თქვეს უარი, რომელიმე პოლიტიკურ ძალას – კოალიცია “ქართულ ოცნებას” ან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – წარედგინათ მათი კანდიდატურა დასამტკიცებლად. ზოგადი ფონისა და არა ჩემი ვიწროპარტიული ინტერესების გათვალისწინებით, ოდნავ მეტად დავუფასებდი ამას ენმ-ის მიერ წარდგენილ ადამიანებს.
რაც შეეხება პროცესის პარლამენტში გაჭიანურებისა თუ გაჭედვის გამო გამოწვეულ გარკვეულ იმედგაცრუებას თუ ფრუსტრაციას, მესმის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის უმცირესობის (მათ რიცხვშია პარლამენტის თავმჯდომარეც) უფრო აქტიური და სამოქალაქო პოზიციის იმედი გქონდათ. აქ კი მეგობრულად და მსუბუქად უნდა გაგაკრიტიკოთ არ ვდაობ, რომ ენმ-ის მმართველობის დროს არჩეულ სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით კითხვები გქონდათ. მაგრამ, სასამართლოსი არ იყოს, იქნებ კოალიცია “ქართული ოცნების” დროს უკეთ ემუშავა ძველ საბჭოს? იქნებ პროცედურული დემოკრატია მაშინ უკეთ მუშაობს, როდესაც ერთი ხელისუფლების დროს შექმნილი ინსტიტუტები (უამრავ კრიტიკას რომ იღებდნენ – ნაწილობრივ სამართლიანად, ნაწილობრივ უსამართლოდ) არსებობას მეორე ხელისუფლების დროს აგრძელებენ? იქნებ ასეთი კეთილშობილი წამოწყებებისას დაველოდოთ ხოლმე, როდის გაუვლის ხელისუფლებას “ცხენზე ამხედრებულის” სინდრომი? რა დიდი გამოცნობა უნდოდა იმას (კი ბატონო, მითხარით, რომ 9 წელიც ამის დასტურია და ნაწილობრივ დაგეთანხმებით კიდეც), რომ დღეს 60%-ანი რეიტინგის მქონე კოალიცია პროცედურულ დემოკრატიაზე ორიენტირებულ თქვენს ძალისხმევას ასე უგულისყუროდ მოეპყრობოდა?
როგორც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ქმედითია და მხოლოდ “მოქალაქის” იმედად არ ვართ”, _ წერს ჭიაბერაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
საზოგადოებრივი კუმუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ პარლამენტმა სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
“ძალიან საეჭვოდ მოჩანს ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პათოსი და ზოგ შემთხვევაში რიტორიკაც კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრებისას ემთხვევა. ეს კიდევ უფრო ზრდის ეჭვს, რომ შესარჩევი კომისიის წევრების მოცემული საქმიანობა პოლიტიზირებული შეიძლება იყოს და თავად ამ წევრებს ზოგიერთ პოლიტიკურ სუბიექტთან გარკვეული საერთო ინტერესიც ჰქონდეს”, _ამბობს გამზარდია და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ უნდა გამოცხადდეს ახალი კონკურსი, ახალი შესარჩევი კომისიით.
“გონივრული იქნება, თუ საზმაუს ბორდისათვის ახალი კონკურსი გამოცხადდება, ახალი შესარჩევი კომისიით, სადაც მედიის სპეციალისტების გარდა, შესარჩევი კომისია დაკომპლექტდება ეიჩარის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ორგანიზაციული მენეჯმენტის სპეციალისტებით. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მათი შერჩევა მოხდეს კერძო სექტორიდან, რამდენადაც სპეციალისტების დონეზე აღნიშნული დარგის წარმომადგენლები ბევრად საქმიანი ადამიანები არიან და პოლიტიკური ან გავლენითი ინტრიგების ნაცვლად, დაინტერესებულები არიან დარგობრივი მიზნების რეალიზაციით”, _ უთხრა “გურია ნიუსს” გამზარდია.




































































