საბანაძე ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს იშვიათად პასუხობს, თუმცა, პასუხის შემთხვევაში კომენტარებს არ აკეთებს და ამბობს, რომ დეტალებზე 28 იანვარს ისაუბრებს.
გიორგი საბანაძე ამჟამად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელია. როგორც უწყების ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე ამბობს, ის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია, რომელსაც მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებები გააჩნია.
_გიორგი ჩემი მეგობარია და შესაძლოა მის მიმართ ვიყო სუბიექტური, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვარ აბსულუტურად ობიექტური და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იმ აქტივობებისა, რომელიც განვახორციელეთ ბიბლიოთეკაში არის გიორგი. ის მე დამხვდა აქ. ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ მთავარ პოზიციაზე იყო. რაც შეეხება გადაწყვეტილების გეგმას _ მას ეკუთვნის და ცხადია, რომ ამ თვალსაზრისით არ ჩავერევი. გეტყვით ერთს _ მე გუშინ წინ შევხვდი გიორგის და ამ ეტაპზე ის ბიბლიოთეკაშიც გააგრძელებს მუშაობას. თუ რა პოზიციაზე ამას შემდეგ გადავწყვეტთ. რაც შეეხება მის ახალ ამპლუას _ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ის არის კვალიფიციური ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით და ასევე არის მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულების მატარებელი.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია საიდან მოხვდა ბიძინა ივანიშვილთან?
_ რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო რაღაც სახის აქტივობა გამოცხადებული, რომელიც ითვალისწინებდა CV-ის მიწოდებას ამ პოზიციაზე. მან გააგზავნა საკუთარი სივი, რის მიხედვითაც ის დაიბარეს გასაუბრებაზე ორჯერ და ამის შემდეგ აღმოჩნდა ამ პოზიციაზე.
_ ბატონო გიორგი, CV-ის მიღებაზე განცხადება სად გავრცელდა? მედიისთვის ეს ფაქტი უცნობია…
_ არც მე არ მინახავს სიმართლე გითხრათ. ამ თვალსაზრისით გვაქვს თანაბარი ინფორმაცია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი კეკელიძემ.
30 წლის გიორგი საბანაძე პირველადი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად კი ჯიპაში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს.
_ ჩვენთანაც მუშაობდა როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, თუმცა, როგორც გითხარით, მისი როლი ბიბლიოთეკაში იყო უფრო მეტი. ის ჩართული იყო უფრო ფართოდ ჩვენ მიერ წამოწყებულ ნებისმიერ აქტივობაში, _ დაგვიზუსტა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.



































































