“ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა გაირკვეს თუ როგორ მოხვდა ამ ვიდეოანაწერის სოციალურ ქსელში ატვირთვა. გამოძიებამ ეს საკითხიც უნდა შეისწავლოს, რადგან თუ ეს კადრები ვინმეს შემთხვევით ჩაუვარდა ხელში და თვითნებურად ატვირთვა, საქართველოს კანონმდებლობით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება. თუ ეს ადამიანი ამ კადრებს ინახავდა, აქაც კანონთან შეუსაბამობაა, რადგან საქმე გვაქვს შენახვასთან და ეს კადრები რომ უფრო ადრე გამოძიებისთვის მიეწოდებინა, შესაძლოა გამოძიებას უფრო სწრაფად მიეღწია შედეგისთვის”.
გიგაურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა წარმომადგენლებმა და მათ შორის იმათაც, ვინც ფირებში ჩანან, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. მისი თქმით გამოძიებამ სიმართლე უნდა დაადგინოს და თუ მერაბიშვილის ბრალეულობა დადგინდა, შესაძლებელია შესაბამის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკიც.
ვიდეო-ფირის გავრცელების საკითხის გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც. მისი თქმით დასადგენია თუ ვის ჰქონდა, სად ინახებოდა და რატომ ამდენ ხანს არ იქნა გასაჯაროვებული ფირი.
აღნიშნული კადრების შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” ლიდერს ნანა კაკაბაძეს, რომელიც ამ კუთხით გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
“დასადგენია ფლობდა თუ არა შსს ინფორმაციას და ფარავდა თუ არა დანაშაულს. საინტერესოა, რატომ იკავებენ თანამდებობებს ის პირები, რომლებიც კარდებში ყველამ ნახა, რადგან ერთნაირად დამნაშავეა როგორც ბრძანების გამცემი, ისე ამ უკანონო ქმედების შემსრულებელი”.
კაკაბაძე აცხადებს, რომ ვიდეო-მასალის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში პასუხი ყველამ უნდა აგოს, ასევე მოუწოდებს მთავრობას, დროულად ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვი მთავრობის მიმართაც გაჩნდება, რომ ამ საქმეში მისი ინტერესიც არსებობს.