კახიძე გავცრელებულ ვიდეომასალას ბრალდებული მერაბიშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურას ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენისთვის სამხილები არ გააჩნია.
“ამ საქმეზე ის განცხადება, რომ ბრალის დამძიმების შესაძლებლობა არსებობს აბსურდულია. არანაირი გვამი იქ არ ყოფილა. ბრძანება ეხებოდა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების გვამებს, რათა დაედასტურებინათ ამბოხების კავშირი, ამბოხებულებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის. ამ განცხადების შემდგომ, სადაც ის კადრებია გადაღებული, 8 ადამიანი დააკავეს უსისხლოდ და ძალის გამოყენების გარეშე. ამიტომ, აქ შემდგომი ინტერპრეტაციები, აბსოლუტურად უადგილოა. რაც შეეხება ოთანაძის და ამირიძის დაკავებას, ესეც მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე კვირის შემდგომ, ამ ფაქტიდან ამირიძის და ოთანაძის დაკავება მოხდა. ისინი სპეცოპერაციის დროს დაიჭრნენ და ვანო მერაბიშვილის დავალებით მათ გაეწიათ დროული სამედიცინო დახმარება. ისინი გამოჯანმრთელდნენ, წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და მიესაჯათ სასჯელი ამბოხებისთვის. ამიტომ, საუბარი იმის შესახებ, თითქოს მერაბიშვილმა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, სრული აბსურდია. სპეცოპერაციის დროს მუხროვანში არავის არავინ მოუკლავს.
ნიშანდობლივია ის, რომ ჩვენ დღეს ქუთაისი საქალაქო სასამართლოში ვიმყოფებით, სადაც ბრალდებულის ჩვენების შემდგომ სისხლის სამართლის საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი არ არსებობს. ამას ხელისუფლება კარგად აცნობიერებს. ვითომდა სკანდალური ვიდეოს გამოფენა, ბრალდებულის წინააღმდეგ შავი ფონის და პიარის შექმნას ისახავდა მიზნად. მტკიცებულებები, გამამტყუნებელი განაჩენისთვის მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს”, _ განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ.