მათ შორის არის გია დგებუაძე, იგივე “მასტერა”, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144-ე პრიმა მუხლის 2-ე ნაწილის “ა” “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით (წამება) და 333-ე მუხლის 3-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ინტერპოლით იძებნება.
უცნობია, თუ რა კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობდა დგებუაძე ამ კადრების გადაღების დროს. მას როგორც შსს-ში (კუდ-ში), ასევე თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსი, შოთა ხიზანიშვილი წლების წინ ამტკიცებდა, რომ გია დგებუაძე სამინისტროდან 2007 წლის აპრილში გაათავისუფლეს.
ლევან ქარდავა მეგის ქარდავას ძმაა. ეს ის ქარდავაა, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პატიმართა წამების ორგანიზატორად საჯაროდ მას შემდეგ დაასახელა, რაც სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
“ორი მთავარი ფიგურა – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვინმე ჩხატარაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ფაქტობრივი უფროსი ლევან ქარდავა, რომელიც ჩვენს მთავრობას შევარდნაძის მთავრობიდან გადმოჰყვა, სამწუხაროდ, დავტოვეთ და ძველი ცოდვები, როგორც ჩანს, მას ჩამოაწერეს ჩვენს დროსაც. ლევან ქარდავა არის ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩვენი ფრაქციის _ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, გავიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”. ის აქტიურად თანამშრომლობს დღევანდელ მთავრობასთან,” _ განაცხადა სააკაშვილმა.
ლევან ქარდავა სამართალდამცავებმა 2012 წლის 15 დეკემბერს დააკავეს “ქართული ოცნების” ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას გატაცების გამო და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილით (რაც ძალადობას, არაადამიანურ მოპყრობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს) წაუყენეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან ქარდავა 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ლევან ქარდავა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად 2012 წელს დაინიშნა. მანამდე ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. მისი გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, მალხაზ არქანიას საქმეში.