ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აღნიშნულ პროექტს ეხება არის მიწის საკუთრების თემა. ვისია მიწა, რომლის რეგისტრაციაც ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით დროებით შეჩერებულია? არის თუ არა ეკონომიკის სამინისტრო სამართალმემკვიდრე იმ გაცემული კომპენსაციებისა, რომელიც ხაიშის 130-მა კომლმა ჯერ კიდევ 1988 წელს აიღო და ეხება თუ არა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს?
“გურია ნიუსმა” ვიცე პრემიერთან სწორედ სამინისტროებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე დასვა კითხვა, რადგან ხუდონჰესის თემაზე ჩვენს მიერ დასმული ყველა კითხვის პასუხად, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფმა ქონების მართვის სააგენტომ მხოლოდ ერთი ხელშეკრულება გადმოგვიგზავნა.
ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულების სამართალმემკვიდრეა, მიაჩნია, რომ მიწებთან დაკავშირებული საკითხი ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაში შედის. თავად მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი კი ასეთია:
“ამ საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.”
კითხვაზე: “მიწა ხომ ქონებას წარმოადგენს და ქონების მართვის სააგენტო თქვენი სამინისტროს დაქვემდებარებაშია, _ მინისტრმა საერთოდ არ ისურვა პასუხის გაცემა.
თუმცა, “გურია ნიუსის” კითხვაზე სულ სხვა პასუხი აქვს ვიცე პრემიერს.
_ ბატონო კახა, თქვენ განაცხადეთ, რომ ხუდონჰესი არ არის მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს პროექტი. მინდა გკითხოთ,რამდენად შეთანხმებულად მუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეხება თუ არა ამ უწყებას გარკვეული საკითხები პროექტის ფარგლებში? თუნდაც მიწის გასხვისება, გაცემული კომპენსაციები და საკუთრების უფლება. ჩვენი სააგენტოს მიერ გადაგზავნილ კითხვებზე გვპასუხობენ, რომ ეს ყველაფერი ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაა.
_ რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ მოლაპარაკებები ინვესტორთან, დეტალებზე შეთანხმება ხდება ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, დავიწყეთ ყველა იმ ხელშეკრულების ინდივიდუალურად შესწავლა, რომელიც აქამდე იყო გაფორმებული. როდესაც ხუდონის პროექტამდე მივედით, შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვათაშორის ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიოდნენ, რომლებიც რადიკალურად უდგებიან დღეს ამ საკითხს. ისინი მონაწილეობდნენ ამ ხელშეკრულების განხილვაში. წარმოდგენილი შენიშვნები ინვესტორის მიერ გათვალისწინებული იქნა. ამის შემდეგ საკითხი გავიდა მთავრობის სხდომაზე, მთავრობამ მოიწონა და გადაწყდა, რომ 2014 წლის 1 მარტამდე ინვესტორმა კომპანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვა მიიღოს. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინვესტორს ხელი შევუწყოთ. ნებისმიერს ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ეს არ ეხება მხოლოდ ხუდონჰესის პროექტს, ვგულისხმობ ენერგეტიკის დარგს, დაწყებული ერთი მეგავატიდან დამთავრებული ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურამდე, ჩვენ ყველას ერთნაირად მივუდგებით.
ინვესტიციების შემოსვლას რაც შეეხება, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება.
_ ანუ, ეკონომიკის სამინისტროს ეხება ხუდონჰესის პროექტი?
_ რა თქმა უნდა, მთლიანად მთავრობას ეხება და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსაც. მიწების საკითხს რაც შეეხება, რაც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრომ გასცა იმის უფლება, რომ ინვესტორს გადაეცა 1500 ჰექტარი მიწა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ გადაგზავნილ კითხვებზე არც ეკონომიკის სამინისტროს და არც ქონების მართვის სააგენტოს, პასუხი არ გაუცია.
კითხვები მდგომარეობდა შემდეგში:
1.თუ შეიძლება გაგვიმარტეთ, ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, ხუდონჰესის განხორციელების პროცესში როგორ და რა ფორმატით მონაწილეობს ეკონომიკის სამინისტრო და კონკრეტულად რა ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას.
2.1988 წელს, მესტიის აღმასკომთან შეიქმნა ხუდონჰესის დირექცია. ჩვენს ხელს არსებული დოკუმენტების თანახმად, ხაიშის თემის 130-მა ოჯახმა ხელი მოაწერა და სახელმწიფოსგან მიიღო კომპენსაციები. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს თავის დროზე გამოსყიდული აქვს და შესაბამისი კომპენსაციები გადახდილი აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამავდროულად საქართველო წარმოადგენს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს, შეიძლება თუ არა განხილულ იქნას, რომ აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი მიწა გამოსყიდული აქვს სახელმწიფოს და წარმოადგენს მის კუთვნილებას?
3.ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია, “ტრანს ელექტრიკა” აცხადებს, რომ ის მზად არის კომპენსაცია გადაუხადოს ადგილობრივ მოსახლეობას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქონება უკვე სახელმწიფოს კუთვნილებაა და მას გადახდილი აქვს შესაბამისი კომპენსაცია, ხომ არ გვაქვს საქმე იურიდიულ კაზუსთან?
4.ქონების მართვის სააგენტოს მონაცემებით, იხდის თუ არა ხაიშის თემის მოსახლეობა ქონებისა და მიწის გადასახადს?
ამ კითხვების პასუხად, ქონების მართვის სააგენტომ მხოლოდ ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გადმოგვიგზავნა.