” საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა – 3540 ლარი; სტაჟის დანამატი 25% _ 885 ლარი; საიდუმლოს დანამატი 15 % _ 531 ლარი; პრემიერ მინისტრის ბრძანებით დანამატი _ 4335 ლარი; საკლასო ჩინის დანამატი 35 % _ 1239 ლარი; იმის გამო, რომ საკლასო ჩინის დანამატზე ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2013 წლის მარტში, მოხდა მისი გადაანგარიშება დანიშვნის დღიდან და შესაბამისად შეადგინა:
2012 წლის ოქტომბერი 269,32 ლარი; 2012 წლის ნოემბერი 1239 ლარი; 2012 წლის დეკემბერი 1239 ლარი; 2013 წლის იანვარი 1239 ლარი; 2013 წლის თებერვალი 1239 ლარი; 2013 წლის მარტი 1239 ლარი; მარტის თვეში საკლასო ჩინის დანამატმა შეადგინა სულ 6464,32 ლარი. სულ მარტის თვის შემოსავალმა შეადგინა _ 3540+885+531+4335+6464,32=15755,32 ლარი. სულ მარტის პრემია 4335 ლარი; სულ დარიცხული ხელფასი მარტის თვეში 15755,32+4335=20090,32 (აქედან საშემოსავლო 4 018,06 ლარი, ხელზე აიღო 16 072,26 ლარი).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება დანამატების და სტაჟის გათვალისწინებით, ხელზე შეადგენს 4946 ლარს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი მინისტრის დანამატი შეადგენს 2168 ლარს.” _ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
“ირაკლი ალასანიამ ერთ თვეში ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო – ინფორმაცია ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა. დეპუტატი უახლოეს დღეებში, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასაც აანონსებს.
” მარტო მარტის თვეში (2013 წელს), ირაკლი ალასანიამ ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო. დაწვრილებით ინფორმაციას თავდაცვის მინისტრისა და ზოგადად თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ,”_ აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სხვა ჩინოვნიკების პრემიებს, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილის ლევან დოლიძის დანამატმა იანვრისა და თებერვლის თვეში 1180 ლარი შეადგინა.
კიდევ ერთი მოადგილის, ირაკლი გეგეჭკორის დანამატმა იანვრისა და თებერვლის თვეში 1224 ლარი შეადგინა.
“ნაციონალური მოძრაობის” პრემიები (2009-2012 წლები) …. 41 მილიონ 164 ათასი ლარი
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პრემიების გაცემაში “ნაციონალურ მოძრაობასაც” საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა და კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შიდა მოკვლევაც ჩაატარა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და გაერთიანებულ შტაბში 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით ფულადი პრემიის სახით 41 მილიონ 164 ათასი ლარია გაცემული, მათ შორის დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაცემულია საიდუმლო ბრძანებით.
ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიებს იღებდნენ ერთი და იგივე მაღალი თანამდებობის პირები. სამხედრო მოსამსახურეებზე კი სულ ერთხელ იქნა გაცემული პრემია, მაგალითად ავღანეთში მყოფმა სამხედროებმა პრემია 2011 წელს აიღეს და მისი რაოდენობა შეადგენდა საშუალოდ 365 ლარს.
2012 წლის 31 დეკემბერს IDFI-მა თავდაცვის სამინისტროდან მიიღო ოქტომბრის თვეში სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია გაცემული პრემიების შესახებ სამინისტრომ პირველად გაასაჯაროვა. როგორც დეკემბერში მიღებულ წერილში იყო მითითებული, გაერთიანებული შტაბის თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ იყო მოწოდებული. აღნიშნული ინფორმაცია, კერძოდ ოქტომბრის მანძილზე გაერთიანებული შტაბის თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ, IDFI-მ მხოლოდ 28 იანვარს მიიღო.
ოქტომბერში, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 21 თანამდებობის პირზე პრემიების სახით გაიცა 134 084 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებზე სულ – 266043,05 ლარი.
გაერთიანებული შტაბის თანამდებობის პირებიდან ყველაზე მაღალი პრემიები ოქტომბერში, 12 500 ლარის ოდენობით, აიღეს გენერალური შტაბის უფროსმა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ. ასევე დიდი ოდენობის წახალისება მიიღო გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთმა მოადგილემ – 10 839 ლარი. დანარჩენმა ორმა მოადგილემ 9 000 და 8 406 ლარის პრემიები აიღეს. ასევე მაღალი პრემია აიღო ადმინისტრაციული ჯგუფის თანაშემწემ – 7 220 ლარი. ოქტომბერში გაცემული პრემიებიდან ყველაზე მცირერიცხოვანი, 1 250 ლარის ოდენობით, დაერიცხა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს. თუმცა, საშუალოდ გაერთიანებული შტაბის თანამდებობის პირებმა ოქტომბერში 5 000-6000ლარის ოდენობის პრემიები აიღეს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ თანამდებობებისა და გაცემული თანხის მითითებით შემოიფარგლება, ღია წყაროების გადამოწმების გზით არაერთი საინტერესო დეტალის მოძიება გახდა შესაძლებელი…
კერძოდ, როგორც ირკვევა, რამდენიმე მაღალჩინოსანი, ვინც ოქტომბერში მაღალი პრემია აიღო, ნოემბრის თვეში თავდაცვის სამინისტროში უფლებამოსილების გადამეტების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, გიორგიკალანდაძე ამ თანამდებობაზე 2012 წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა დევი ჭანკოტაძე. გიორგი კალანდაძე 2010 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.
IDFI-ის ინფორმაციით, გიორგი კალანდაძემ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის პირველსავე თვეს, ოქტომბერში, პრემიის სახით 12 500 ლარი აიღო. ცნობილია აგრეთვე ის, რომ შემდგომში იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით 7 ნოემბერს გიორგი კალანდაძე დააკავეს და მას ბრალი წარუდგინეს 333-ე და 143-ე მუხლებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 9 ნოემბერს გიორგი კალანდაძე 20 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 10 ნოემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა გენერალ კალანდაძეს, რომელსაც გაერთიანებულ შტაბში დაბრუნება და სამსახურის გაგრძელება უბრძანა. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს 11 ნოემბრის განცხადებით გიორგი კალანდაძეს უფლებამოსილება შეუჩერდა.
გიორგი კალანდაძე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც შს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბშამათავასთან ერთად დააკავეს. ზურაბ შამათავამ, რომელიც ოქტომბერში გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლობის მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, იმავე თვეში პრემიის სახით 5 775 ლარი მიიღო. შტაბის უფროსის გარდა კიდევ ერთი ადამიანი, ვინც ოქტომბერში 12 500 ლარის ოდენობის პრემია აიღო, იყო სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში ამ თანამდებობას იკავებდა რომანშამათავა, რომელიც დეკემბრის თვეში იქნა დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ფაქტზე.
საინტერესოა, რომ თავად სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს ამ თვეში პრემია არ აუღია.
IDFI-მა ასევე მიიღო პასუხი თავდაცვის სამინისტროში გაგზავნილ სხვა წერილზე, რომლითაც ითხოვდა 2012 წლის 1 დეკემბრიდან თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემიებს. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ რაც შეეხება 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 30 იანვრამდე გაცემულ პრემიებს, დეკემბერსა და იანვარში თავდაცვის სამინისტროს სრული სისტემის 175 თანამდებობის პირებზე პრემიების სახით სულ დაირიცხა 117 487 ლარი. რაც ოქტომბერში მხოლოდ გაერთიანებული შტაბის 21 თანამდებობის პირის პრემიებზე დახარჯულ 134 084 ლარზე გაცილებით ნაკლებია. თუკი ოქტომბერში გენერალური შტაბის თანამდებობის პირებმა პრემიის სახით საშუალოდ 6 000 ლარის ოდენობის პრემია აიღეს, დეკემბერ-იანვარში გაცემული პრემიებიდან თითო თანამდებობის პირმა პრემიის სახით საშუალოდ ათჯერ ნაკლები, მხოლოდ 600 ლარის ფარგლებში მიიღო.
თუკი, ოქტომბერში გენერალური შტაბის გარდა დანარჩენ თანამდებობის პირებზე დარიცხულ პრემიებს გავითვალისწინებთ, რაც დამატებით კიდევ 178 758 ლარს შეადგენს, გამოდის, რომ ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროს 78 თანამდებობის პირის პრემიებზე დაიხარჯა სულ 312 842 ლარი, რაც დეკემბერსა და იანვარში 178 თანამდებობის პირზე გაცემულ 117 487 ლართან შედარებით ორჯერ მეტია. საინტერესოა აგრეთვე ის გარემოება, რომ განსხვავებით ოქტომბრისგან, როდესაც მინისტრის პირველმა მოადგილემ 12 500 ლარი და მინისტრის მოადგილემ 7 344 ლარი აიღეს პრემიების სახით, დეკემბერსა და იანვარში მინისტრის მოადგილეებსა და მათ თანაშემწეებს პრემიები არ აუღიათ.
დეკემბერსა და იანვარში პრემია არ აუღია არც თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას და პრემიები ძირითადად ადმინისტრაციისა და დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებზე გაიცა. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, იანვარში პრემია მხოლოდ ორმა თანამდებობის პირმა, მინისტრის მრჩეველმა და J-6 დეპარტამენტის უფროსმა აიღეს.