ადმინისტრაციულმა კომიტეტმა ამ დროისთვის უკვე დაამტკიცა მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგი, საარჩევნო ბიულეტენებისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშები. ასევე, შემუშავებულია პროექტი „საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომელზეც საბოლოოდ იმსჯელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შემდეგ წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.
ყველა მოსამართლესა და დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს მიმდინარე წლის 27 მაისის ჩათვლით წარუდგინოს შენიშვნები და წინადადებები.
მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი (121 მოსამართლე). განრიგის მიხედვით კონფერენცია დილის 10.00 სთ-დან დაიწყება და ღამის 00.30 სთ-მდე გასტანს.
რამდენიმე დღის წინ, კოტე კუბლაშვილი არჩევნების ჩატარებას ორ ეტაპად გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაწყდა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს, მდივანს, ადმინისტრაციული და დისციპლინური კომიტეტების წევრებს, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარეს, ერთ დღეში აირჩევენ.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. კენჭისყრის შედეგებს კი სამი მოსამართლისაგან შემდგარი ხმის დამთვლელი კომისია შეაფასებს.
პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა იგეგმება, რაც ღია კენჭისყრით მოხდება. დღის პირველ ნახევარშივე მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრის არჩევაც. ეს ის სამი წევრია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.
ამის შემდეგ კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ 4 წევრს აირჩევს. ეს წევრები უფლებამოსილნი არ არიან შეითავსონ კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.
დღის დასასრულს მოსამართლეები საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს აირჩევენ.
რატომღაც ღამის 22-23 საათზე მოხდება ადმინისტრაციული კომიტეტის 2 წევრის არჩევა. შუაღამისას კი 23.00-00.30 ზე კონფერენცია ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს აირჩევს.
მოსამართლეთა კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა, ამისთვის აკრედიტაციის გავლა საჭირო.