“მივესალმებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურობას 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიების პროცესში. გამოვლენილი ძალადობის მასობრივი ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ დამნაშავე პირების დასჯას სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, უპირველესად პრევენციული ფუნქცია აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ დაფიქსირებული ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. ამ პროცესში სასულიერო პირების წინააღმდეგ ბრალდების წარდგენა სახელმწიფოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპების დასაცავად. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილი დანაშაულისთვის ყველა თანაბრად აგებს პასუხს, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა და სტატუსისა.
ამასთან, 17 მაისს განვითარებული მოვლენების უკიდურესად მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ხვალ, 24 მაისს დაგეგმილი აქციას “არა თეოკრატიას” და მიიღოს ეფექტური და ადეკვატური ზომები აქციის მონაწილეთა შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან, როგორც დაანონსდა, იმავე ადგილას მოქალაქეთა სხვა ჯგუფი კონტრდემონსტრაციის გამართვას აპირებს”. _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)