ისტორია, რომელიც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, სცილდება ერთი კონკრეტული ოჯახის ფარგლებს _ მასში მრავალი ოჯახის ბედს დავინახავთ.
მას შემდეგ, რაც ქალბატონმა გვიამბო ამ ადამიანების შესახებ, ჩვენ ადგილზე მივედით, რათა გაგვეცნო ისინი და საკუთარი თვალით გვენახა ნაამბობი.
ბარბაქაძეების ოთხშვილიანი ოჯახი აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში, უკვე წლებია, სხვის სახლში ცხოვრობს. “ცხოვრებაც” და “სახლიც” პირობითი ნათქვამია, რადგან როგორც თვითონ ამბობენ, კი არ ცხოვრობენ, არამედ ცოცხლობენ და რის ვაი-ვაგლახით გააქვთ დღეები, სახლი კი ისეთი ავარიულია, საღამოს არ იციან, დილა ისევ თუ გაუთენდებათ.
საკუთარი სახლი 2002 წელს ხანძარმა გაუნადგურა. დარჩა მხოლოდ საძროხე, რომელსაც მეზობლების და კეთილი ადამიანების დახმარებით ცოტა მიაშენეს, ერთ ოთახად გადააქციეს და იქ დაიწყეს ცხოვრება.
“მიუხედავად საშინელი პირობებისა, მაინც ბედნიერები ვიყავით, საკუთარი ჭერი გვქონდა თავზე და დიდი იმედი, რომ კიდევ შევძლებდით პატარა სახლის აშენებას. მეზობლები გვეხმარებოდნენ, ცოტ-ცოტა სამშენებლო მასალას გვაძლევდნენ, საწოლებიც გვაჩუქეს, სკამებიც, მაგრამ 2009 წელს ისევ გაჩნდა ხანძარი და სრულიად უქონლები ისევ ღია ცის ქვეშ დავრჩით. მას მერე ამ სახლში ვცხოვრობთ. შევეცოდეთ ოჯახის პატრონს და დროებით დაგვითმო საცხოვრებლად, ახლა კი მოგვთხოვა დავცალოთ _ მისია და როგორც უნდა ისე გამოიყენებს. ახლა აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ, სად წავიყვანოთ ბავშვები,” _ გვითხრა ოჯახის უფროსმა დურმიშხან ბარბაქაძემ.
ბარბაქაძეებს ოთხი შვილი ჰყავთ _ სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოჯახში არავინ მუშაობს, მხოლოდ შეჭირვებულთა დახმარებით საზრდოობენ, ეს თანხაც წამლების ფულად არ ჰყოფნით. უფროს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს _ აღენიშნება ცვლილებები სისხლში და ფილტვის უკმარისობა, გოგონას, კი, 7 წლის ნატუკას, შიდა ქალის წნევა აქვს და მკურნალობას საჭიროებს.
ადგილობრივი მთავრობა ცდილობს დაეხმაროს ბარბაქაძეებს, მაგრამ ბიუჯეტი იმის საშუალებას არ აძლევს, რომ სახლი უყიდონ. მეზობლებს, რაც შეუძლიათ გვერდით უდგანან, მაგრამ ვერც ეს არის დიდი ნუგეში.
ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, უძილო ღამეები ფიქრში გადის, დღეები _ შრომაში. ქმარი მიწას ამუშავებს, ცოლი ბავშვებს უვლის, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობენ. ერთი ოცნება აქვთ _ სახლი ჰქონდეთ, სადმე დააძინონ ბავშვები ისე, რომ არ აწვიმდეთ, არ ათოვდეთ და იმის შიში არ ჰქონდეთ, ან ახლა მოგვიწევს დაცლა, ან ახლაო.
ბავშვებიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან _ ცელქობენ, თამაშობენ, მაგრამ თვალებში ისეთი სევდა აქვთ, არ შეიძლება გულგრილი დარჩეს ვინმე.
წამოსვლისას ნატუკას ვკითხე, რაზე ოცნებობ, რა გაგიხარდება საჩუქრად რომ მოგიტანოთ,-მეთქი. შემომხედა, გამიღიმა და მითხრა: _ მინდა მქონდეს ჩემი პატარა სახლი.