_ იმისათვის, რომ გამოინახოს სახსრები პრემიების გასაცემად, ხდება ბიუჯეტის წლიური კანონების მონაცემებით მანიპულირება. კერძოდ: ყოველი საბიუჯეტო დაწესებულება ადგენს თანამშრომელთა ზღვრულ ოდენობას და შრომის ანაზღაურების პარამეტრებს, რაც წლიურ საბიუჯეტო კანონში შეტანის მიზნით გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს და ასახვას ჰპოვებს წლიურ საბიუჯეტო კანონში.
საბიუჯეტო დაწესებულების შრომის ანაზღაურების ფონდის დაფინანსება ხორციელდება წლიურ საბიუჯეტო კანონში მითითებული თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით, მაგრამ სინამდვილეში საშტატო განრიგით ამ დაწესებულებებს 20-30-40% ნაკლები თანამშრომელი ჰყავდათ. ხელოვნურად იქმნებოდა ეკონომია შრომის ანაზღაურების მუხლში, რაც წლის განმავლობაში, რამოდენიმე ასეულ ათასს ლარს და ზოგიერთ სამინისტროში მილიონებსაც სცილდებოდა, ასეთივე მდგომარეობა იყო კონტროლის პალატაში _ აცხადებდა სოსო ჩიქობავა.
“გურია ნიუსთან” ამის შესახებ კონტროლის პალატის კიდევ ერთი თანამშრომელი, ნოდარ ავლახაშვილი საუბრობდა:
_ პრემიების დასარიგებლად ასეთი მეთოდი არსებობდა. იყო ვაკანტური ადგილები, რომლითაც კეთდებოდა სახელფასო ეკონომია და აქედან იღებდნენ თანხებს პრემიების სახით.
ის ყველაფერი, რაც ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ” ფაქტობრივი მასალებით დაამტკიცა.
ამ თემაზე, როგორ ხდებოდა დასაქმების პრობლემის წინაშე მდგარ საქართველოში შტატების გადამალვა და ამის ხარჯზე პრემიების გაცემა, პარლამენტის წინაშე წარდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ:
“წლების მანძილზე, მათ შორის 2012 წელს, კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტისგან ითხოვდა და იღებდა პრაქტიკულად 2-ჯერ გაზრდილ საშტატო რიცხოვნობას და მის შესატყვის დაფინანსებას, რითაც საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამის მუხლებში ხელოვნურად ქმნიდა საბიუჯეტო თანხების ეკონომიას, რასაც ასევე მრავლობითი კანონდარღვევით, ყოველგვარი დასაბუთებისა და ობიექტური საფუძვლების გარეშე, რეალურად 350-400 შტატზე გათვლილ დაფინანსებას ფაქტობრივად ხარჯავდა საშუალოდ 200-220 პირით დაკომპლექტებულ სამსახურზე;
ამ ფონზე, პრაქტიკულად 40-50%-იანი ვაკანტური ადგილების პირობებში, არ ჯერდებოდა ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით კუთვნილ 7-8 შტატგარეშე მოსამსახურეს და ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ნებართვას და მათ რაოდენობას ასევე ყოველგვარი დასაბუთების, საჭიროებისა და გათვლების გარეშე ზრდიდა 50 მოსამსახურემდე;
იმ საქმიანობისთვის, რომელიც წესით შტატში მყოფ მოსამსახურეებს, კერძოდ, ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს უნდა განეხორციელებინათ, შტატგარეშე მოსამსახურეებს, ყოველგვარი რეალური საქმიანობის განხორციელებისა და მინიმალური დატვირთვის გარეშე, უნიშნავდა მათ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას, რომელიც რიგ შემთხვევებში აღემატებოდა ქვეყნის მინისტრისთვის გათვალისწინებულ სარგოს – თვეში 3 540 ლარს.”
ანგარიშში, რომელიც მალე საბოლოო დასკვნის სახეს მიიღებს, აღნიშნულია: “კომისია თვლის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობა, დასკვნაში ასახული აუდიტის სამსახურის საქმიანობის ყველა მიმართულების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს უარყოფითად.
კომისიის დასკვნა და შესაბამისი დანართები, დასკვნაში ასახული კანონდარღვევების სამართლებრივი შეფასების მიზნით, უფლებამოსილების მიხედვით განხილვისა და რეაგირებისთვის, წარედგინოს საქართველოს მთავარ პროკურატურას”.
ლევან ბეჟაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. იმედი გვაქვს, მისი კომენტარის მოპოვებას ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტისგან მოვახერხებთ.