მცირერიცხოვან აქციას ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გიგი წერეთელი და კობა სუბელიანი, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, ვიცე გუბერნატორი პაატა მანჯგალაძე, “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი, ასევე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ოზურგეთის საკრებულოს წევრი ირინა საჯაია. აქციაზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის ახლახან გათავისუფლებული რწმუნებული გოჩა შარაშენიძე.
გიგი წერეთელი: საქართველოში დღეს, ყველა სამხარეო პროკურატურასთან აქციებია. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება პოლიცია და პროკურატურა იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად. დაკავებულია პარტიის გენერალური მდივანი, ძალიან ბევრს ემუქრებიან. დღევანდელ დღეს არ არის ეს ადვილი გასაკეთებელი, რისკებია, სენატორები, ევროკავშირის ორგანიზაციები, კიდევ უფრო გააქტიურდებიან. იქნება მეტი ზეწოლა, რადგან რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური მოტივით განპირობებული, დასაქმების პროგრამის გამო მოქმედ პოლიტიკოსებს ნორმალურ ქვეყანაში არ აკავებენ. ჩვენი მოთხოვნაა, ვანო მერაბიშვილი იყოს თავისუფალი და მან შეძლოს ნორმალურად პარტიული საქმიანობის გაგრძელება.
_ ეს ის პროკურატურაა, რომელიც ჩვენი შექმნილია, ვანოს წვლილია ძალიან ბევრი. ამ ექვსი თვის განმავლობაში რას ვხედავთ, ახალი ხელისუფლება რუსეთს არც აკრიტიკებს, არც ეჩხუბება, ასე ვთქვათ, მოფერების რეჟიმშია, მიდის რაღაც ტკბილი სიტყვების გაცვლა-გამოცვლა. რაც უფრო დაშორდები დასავლეთს, უფრო უახლოვდები რუსეთს, მაგრამ რუსეთი თავის თავს ვერ უვლის. რაც ეს აქციები დაიგეგმა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ზეწოლა იყო ადამიანებზე, აშინებენ ხალხს, აი, ნახეთ, ჩვენ მერაბიშვილი დავიჭირეთ და სხვებს რას ვუზამთო, მაგრამ ეს გზავნილია, რომელიც ხანმოკლე იქნება. აქტიური პოლიტიკოსის დაკავება ნიშნავს პოლიტიკური ოპონენტების, პარტიის ლიდერების და ჩვენი ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის დევნას, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და დავიცვათ, ამიტომ ვართ შეკრებილები.