აბაშის რაიონის სოფელ კეთილარის მოსახლეობა ფარულად გაყიდულ მიწების დაბრუნებას ითხოვს. მათი განცხადებით, 250 ადამიანი ყოველწლიური შემოსავლის და სარჩოს გარეშე დარჩა. როგორც კეთილარის მკვიდრნი აცხადებენ, ამ მიწებით 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან იჯარით სარგებლობდნენ და ეკონომიკის სამინისტრომ მათგან ფარულად 15 000 ლარად ვინმე ხურცილავაზე გაყიდა, რომელმაც იგივე მიწები გაცილებით სარფიანად საქართველოს ენერეგეტიკისა და წყალმომარაგების თავმჯდომარეს, გურამ ჩალაგაშვილს 32 000 ლარად მიჰყიდა.
“საძოვრები გვქონდა 30 წლის მანძილზე, შესყიდვა გვინდოდა და არ შეგვასყიდინეს. ვიღაც ხურცილავაზე გაიყიდა ქურდულად. ამ ხურცილავამ შეისყიდა 15 000 ლარად, როგორც გავარკვიეთ რაიონის გამგებელთან შეთანხმებით. შემდეგ მიწები “სემეკის” თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს 32 000 ლარად მიყიდა. ერთი-ორჯერ სცადა ტრაქტორმა შემოსვლა და არ შემოუშვა მოსახლეობამ. გუშინ შემოვიდნენ, ძალით დახნეს და, ალბათ, დღესაც იქ არიან. იმიტომ მოვედით პარლამენტში, რომ დაგვეხმარონ და როგორმე ეს პრობლემა გადაგვიწყვიტონ. მშიერი დაგვეხოცება შვილები და შვილიშვილები. ვესაუბრეთ ხმალაძეს და მან გვითხრა, სასამართლოს მიმართეთო. ეს მიწები ისე გაყიდულა შარშან, ჩვენ არაფერი ვიცოდით. 80 მოსახლე დავრჩით ლუკმა პურის გარეშე,” _ განაცხადა აქციის მონაწილემ თეიმურაზ ნიკოლაძემ.