მიმდინარე მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ მხრივ ოზურგეთში შემაშფოთებელი რეალობაა. კოალიცია უნდა იყოს ერთიანი და გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ერთიანად. აქ კოალიციური გადაწყვეტილება არასდროს მიღებულა. _ განაცხადა პრესკონფერენციაზე კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა და “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი კვერღელიძემ.
მისივე განცხადებით, “თუ ანალიზს გავაკეთებთ მოვლენებისას, რაც 1 ოქტომბრიდან დღემდე ხდება ოზურგეთში, არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ არის მცდელობა ხელისუფლების უზურპაციისკენ და ეს არის ერთი ნაბიჯი დანაშაულისკენ.
_ გულწრფელად რომ ვთქვათ, იგნორირებულია საჯაროობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა და მათი ინტერესების დაცვა. ამის დასტურია არასწორი საკადრო პოლიტიკა, ბიუჯეტის ანატომია ისეა შედგენილი, რომ არანაირი მსგავსებაც კი არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებულ ბიუჯეტთან, რისი დასტურიც ლამის მისი ყოველდღიური ცვლილებებია, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოზურგეთი კონტექსტიდან ამოვარდა და იმ ცვლილების მიღმა დარჩა, რაც ახალი მთავრობის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიზანს წარმოადგენს. _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
მანვე ასევე ისაუბრა სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე.
დიმიტრი კვერღელიძე: _ ჩვენ ერთი რამ უნდა ვისწავლოთ აუცილებელია გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირველი ამონაცანა მისი პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან ის იყო, რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს ფართო საზოგადოების როლი ქვეყანაში. დღეს რაც ოზურგეთში ხდება ზუსტად ქართული საზოგადოების სისუსტის მაჩვენებელია, ქართული საზოგადოება შეიძლება პირად საუბრებში აფიქსირებდეს თავის პოზიციას ან გულისწყრომას, მაგრამ ხმამაღლად ამის თქმა არც არავის სურს და ეს ყველაფერი მიიღებს ცუდ ხასიათს, რის ნიშნებიც ნელ-ნელა იკვეთება.
შეხვედრას სხვადასხვა პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, მარინა სუნგულიას თქმით, კოალიციაში ერთპიროვნულად მიდის გადაწყვეტილებების მიღება და რაც დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა სიმართლეს შეესაბამება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ლელა ნაცვალაძე შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს შეეხო, პირველ რიგში საუბარი გელა ხვედელიძის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა, რის შემდეგ საზოგადოებას ახალი ინფორმაცია მიაწოდა:
_ ხვედელიძის დაჭერის შემდეგ მითი იმისა, რომ ოზურგეთს განაგებდა ადიკო ივანიშვილი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში დაიმსხვრა იმიტომ, რომ აქ იყო კლანური სისტემა. _ განაცხადა ნაცვალაძემ.
ლელა ნაცვალაძე: _ რაც შეეხება კოალიციას, ფაქტიურად კოალიცია “ქართული ოცნება” ოზურგეთში თავიდანვე არ შემდგარა, ყველამ კარგად ვიცით, როგორ აირჩიეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. პატარ-პატარა შეცდომის ნაბიჯების შედეგია ის, რაც დღეს ხდება აქ. ვიღაცეებს აწყობს დრო გაჩერდეს, მაგრამ ამის მომხრე ოზურგეთელები ნამდვილად არ არის. მინდა, რომ კიდევ ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ” მიზანმიმართულად პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლები მუშაობენ როგორც ჩემს მხარდამჭერებზე, ასევე სხვა პარტიის აქტივისტებსა და წევრებზე და მიდის მათი გადაბირება, ეუბნებიან, რომ მხოლოდ ისინი არსებობენ და კოალიცია აღარ არის. ძალიან მინდოდა ამ შეხვედრაზე დათო დარჩია ყოფილიყო, ამ ადამიანს ერთი შეხედვით აქვს ძალიან ბუნჩულა ადამიანის შეხედულება, ასე ვიტყვი სახუმაროდ, მაგრამ იმის იქეთ ძალიან ბევრი რამე ხდება. არ ვიცი, ეს ადამიანი სხვისგან იმართება თუ თვითონ აკეთებს ამას. _ თქვა შეხვედრაზე ლელა ნაცვალაძემ.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით დარჩიას თქმით, ეს ყველაფერი არის სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას: _ მოკლედ, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ასეთ აბსურდულ რამეზე რა გიპასუხოთ, ღმერთმა დამიფაროს ასეთი რამ გავაკეთო. პიროვნულად არ მინდა მსგავსი რამ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მთელ ქვეყანაში ბევრია, და აქედან გამომდინარე, ოზურგეთშიც მიმდინარეობს გაწევრიანება. გულიც კი მერევა მსგავს რამეზე, ნამდვილად არ ხდება გადაბირება. რიგი დგას გაწევრიანებაზე ჩვენთან. _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს დავით დარჩიამ.
_ ბატონო დავით, პრესკონფერენცია დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, რომ ოზურგეთში კოალიცია “ქართული ოცნებაში” შემაშფოთებელი სიტუაცია და აქ სხვა პარტიებთან ერთად არ ხდება საკითხის განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება.
_ ჯერ ერთი მინდა გითხრა, რომ დიმიტრი კვერღელიძის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე მე პირადად არ ვყოფილვარ მიწვეული, გულწრფელად გეუბნებით. ახლა, რომ დამიძახოს ვინმემ, აღარ მივალ. ახლა გაახსენდა კოალიცია? სად იყო აქამდე?! არჩევნებამდე სად იყვნენ? მე არ მინახავს თვალად. _ გვითხრა დავით დარჩიამ.