სადაც პატიმრების ახლობლებმა ია ეჯიბიამ (ლევან ეჯიბიას მამიდა) და რევაზ ჩაგანავამ (ეჯიბიას დეიდაშვილი) პროტესტის ნიშნად ხეზე ხელი მიიჭედეს.
ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი სამი პატიმრის _ ლევან ეჯიბიას, გიგლა ინალიშვილისა და დიმიტრი თოლორაიას ოჯახის წევრები უკვე მეოთხე დღეა პატიმრების ზუგდიდის ციხიდან ქუთაისში გადაყვანას აპროტესტებენ. მათ 4 ივნისს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი საოლქო პროკურორ ვალერი იოსავასთან შეხვედრას და მათი შვილების ზუგდიდის ციხეში დაბრუნებას ითხოვდნენ. პატიმრები ზუგდიდიდან ქუთაისში მარტში გადაიყვანეს, რამდენიმე ხნის წინ კი პატიმრებმა ზუგდიდში დაბრუნების მოთხოვნით ხელები დაიჭედეს. პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა.
ზუგდიდის საოლქო პროკურატურის შენობიდან აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გადაინაცვლეს. 4 ივნისის ღამეს ია ეჯიბიამ თავის დაწვა სცადა. 5 ივნისს კი ადმინისტრაციისგან დაკავებულების მონახულების მოთხოვნით ხეზე ხელები მიიჭედეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრები თავის დაწვით დაიმუქრნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ლევან ეჯიბიას მამიდას ციხის ხელმძღვანელთან შეხვედრის საშუალება მიეცა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ქალბატონმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა:
ია ეჯიბია: “შევხვდი გელა გოგრიჭიძეს, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს. მან აღმითქვა, რომ ჩვენს შვილებს საფრთხე არ დაემუქრება. ახლა ადვოკატს ესაუბრებიან, მერე მამა დავითი უნდა შეხვდეს ბავშვებს. ამ ეტაპზე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი მოთხოვნა _ დააბრუნონ პატიმრები ზუგდიდში ძალაში რჩება. საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, აქციები პარლამენტთან გაგრძელდება ისევ აქ თუ ზუგდიდის პროკურატურასთან.”
კითხვაზე, ახლა რამ გამოიწვია ჯერ კიდევ მარტში გადაყვანილი პატიმრების და მათი ახლობლების ასეთი დაჟინებული მოთხოვნა, ია ეჯიბიამ გვიპასუხა:
_ მივიღეთ ანონიმური წერილი, სადაც წერია, რომ პატიმრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საფრთხე ემუქრებათ. ვინაიდან მათ ბრალს ვერ უმტკიცებენ, უნდათ დააბრალონ ნარკოტიკის და იარაღის ჩადება. ქუთაისის ციხეში პატიმარი მოკლეს და ჩვენი შვილების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეგვხვდეს პროკურორი და გაგვცეს პასუხი. გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას დავიწყებთ და ფართომასშტაბიან პერმანენტულ აქციებს გავაგრძელებთ.
სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი, ხათუნა ჯავახაძე პატიმრების მიერ თვითდაზიანების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მათ ჯანმრთელობას
ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. ჯავახაძის განცხადებით პატიმრების უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხოლო რაც შეეხება ანონიმურ წერილს, რომელზეც ია ეჯიბია საუბრობდა, ხათუნა ჯავახაძის თქმით საოლქო პროკურატურაშია გადაგზავნილი და გაკეთდება შესაბამისი რეაგირება.