გიორგი ვაშაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს მათთან არანაირი კონსულტაციები არ გაუვლიათ. მისივე თქმით, უმცირესობა მზადაა, 35-კაციანი სიიდან, რომელთაც განაცხადი აქვთ იუსტიციის საბჭოს წევრობაზე, საპარლამენტო სესიაზე იმ 10 კაცზე იმსჯელონ, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილება გააჩნიათ და არ ეკუთვნიან არც ერთ პოლიტიკურ ძალას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშაძის თქმით, იმ 2 კანდიდატს რომელსაც, უმცირესობის მხარდაჭერაც სჭირდება, არ ექნება ხმების საკმარისი რაოდენობა და იუსტიციის საბჭო კვლავ დაუკომპლექტებელი დარჩება.
“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოდის იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უმრავლესობასთან, კანდიდატურებთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ გამართულა. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს, ევროპის კომისიის მოთხოვნით, 6-დან 2 კანდიდატურას სჭირდება უმცირესობის მხარდაჭერაც, მაგრამ უმრავლესობას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომელი 6 კანდიდატი უნდა რომ გაიყვანოს და ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე აპირებს დააყენოს ეს კანდიდატურები კენჭისყრაზე. ჩვენ ვთავაზობთ _ სულ შემოსულია 35 ადამიანის განცხადება, აქედან 10 ადამიანზე მზად ვართ ვაწარმოოთ შესაბამისი კონსულტაცია, რომ სრულად დაკომპლექტდეს იუსტიციის საბჭო. ამიტომ შეგვიძლია გამოვაცხადოთ შესვენება და კენჭისყრამდე ვიმსჯელოთ პარლამენტის დარბაზში ან გარეთ, მაგრამ მთავარია ჩვენთვის შევთანხმდეთ, რომ სრულად დაკომპლექტდეს იუსტიციის საბჭო. მე იმედი მაქვს, უმრავლესობა გამოიყენებს ამ კონსულტაციას და არ იქნება ისე, რომ ან ეს 6, ან არ გვინდა თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ ვთავაზობთ 10 კანდიდატურას იმ 35 ადამიანის სიიდან, რომელსაც აქვთ შემოტანილი განცხადება, რომლებიც არიან სერიოზული იურისტები და რომელთაც აქვთ სერიოზული გამოცდილება, ასევე, არ ეკუთვნიან არც ერთ პოლიტიკურ ძალას, განსხვავებით ბევრი იმ კანდიდატურიდან, რომელიც მათ უნდათ რომ გაიყვანონ,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო სესიაზე დღეს იუსტიციის საბჭოს 6 არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ, აქედან ორ კანდიდატს უმცირესობის მხარდაჭერაც დასჭირდება.