გაცილებით უმჯობესი იქნებოდა მსგავსი გადაწყვეტილება ადრე მიეღო, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე _ არასდროს, _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ლელა ნაცვალაძე საკრებულოს თავმჯდომარის ალეკო მამეშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.
ლელა ნაცვალაძე მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის, რომელიც რატომღაც ხმამაღალი განცხადებების საფუძვლად იქცა, პოლიტიკური უთანხმოების შედეგი არ არის.
_ მამეშვილისთვის, როგორც გამგებლის თანაკლასელისთვის, კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი შარაშენიძის პიროვნული თვისებები. მათი უთანხმოება, სავარაუდოდ, წინასწარგამიზნულ პროვოკაციად შეიძლება აღიქვას. ამ ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა. აქ საუბარი ზედმეტია ფრაქცია “ქართული ოცნებისა” და მისი მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლაზე. საკრებულოში, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, უნდა მიმდინარეობდეს კამათიც, ოპონირებაც და განსხვავებული მოსაზრების განხილვაც. მსგავსი ფორმატით ურთიერთობა მიუღებელი და უფრო მეტიც, შემაწუხებელი აღმოჩნდა მამეშვილისათვის.
_ ქალბატონო ლელა, თქვენ ხომ არ აპირებთ ბრძოლას საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის?
_ სხვებისგან განსხვავებით, არასოდეს არ გამჩენია საკრებულოს თავმჯდომარეობის ამბიცია. მსგავსი პრეტენზია ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ჩემს კოლეგებს (იმედია, დასახელებულ კანდიდატებს შუბლის ძარღვი ისევ უტოკავთ და სინდისიც შესაბამისად გააჩნიათ), გარდა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერის, დიმიტრი კვერღელიძისა, რომელსაც თავიდანვე ცალსახად ვუჭერდი მხარს. მიმაჩნია, რომ ის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატურაა თავმჯდომარის პოსტზე. მინდა დავიმოწმო პარლამენტის დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის რეკომენდაციაც, რომელიც უდაოდ გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, ოზურგეთისთვის დადგა ის ჟამი, როცა უნდა გამოიყენოს ბოლო შანსი, რათა სამუდამოდ აღდგეს სამართლიანობა და გახორციელდეს ცვლილებები უკეთესობისაკენ, _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.