“როგორც ექსპერტი ამ მიმართულების საკითხებში, შემიძლია გითხრათ, რომ პირველად გავრცელებული ვიდეო რგოლი თალიბების ხელწერას არ ჰგავს. ეს უფრო ჩრდილო კავკასიელი ვაჰაბიტების ხელწერაა. მეორე გავრცელებული ვიდეო რგოლის მსგავსი საერთოდ არ არსებობს. ეს არის შავი პიარტექნოლოგიებით შეთითხნილი მასალა.”
_ ბატონო ვახტანგ, “youtube.com” -ზე გავრცელებულ ვიდეო რგოლებთან დაკავშირებით შსს-მ მხოლოდ ერთი განმარტება გააკეთა. ამის შემდეგ შსს დუმს.
_ პრინციპში, შსს დააფიქსირა და წარმოაჩინა რეალური ფაქტი. გამოძიება სენსიტიური და მგრძნობიარეა. არარეალურია გარკვეული დეტალების ვადამდე ადრე წარმოჩენა. ყოველ შემთხვევაში, შსს-მ დაადასტურა ფაქტი, IP მისამართი საქართველოშია დაფიქსირებული და ვიდეო რგოლები ატვირთული იყო საქართველოში. ხელწერა არა თალიბების, არამედ ჩრდილო კავკასიელი ვაჰაბიტების მიმსგავსებულია. მინდა გითხრათ, რომ თალიბებსა ჩრდილოეთ კავკასიელ ვაჰაბიტებს შორის არის სრული რელიგიურ-იდეოლოგიური განსხვავება. თალიბები “დეობანდიზმის” რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები არიან. ხოლო რადიკალური ისლამური დაჯგუფების წარმომადგენლები მიმართავენ ვაჰაბიზმის რელიგიურ მიმდინარეობას.
საქართველოში ვაჰაბიზმის საკითხი 1999-2000 წლებიდან გახდა აქტუალური. პირადად მე, არაერთხელ აღმინიშნავს რომ საქართველო, შესაძლებელი იყო ვაჰაბიტური საფარის რეალური დარტყმის ობიექტი გამხდარიყო, თუ უკვე არ გახდა. ბუნებრივია, წინა რეჟიმის წარმომადგენლებს ვაჰაბიტებთან ჰქონდათ საინტერესო ურთიერთკავშირები. ვაჰაბიტებს საკუთარი მერკანტელისტური ინტერესების გასავითარებლად იყენებდნენ. შესაძლოა ითქვას, მათი ინტერესების გახორციელებისთვისაც, რასაც ლაფანყურის ოპერაცია ადასტურებს და მტკიცებაც არ სჭირდება.
პატარა ნიუანსს გეტყვით: თალიბები, ასეთი განცხადების დროს, არასდროს იყენებენ მუსიკას. მუსიკალური ფონი მისაღებია პროვაჰაბიტური ტიპის სამხედრო პოლიტიკური დაჯგუფებებისთვის. როდესაც მე ვსაუბრობ დეობანდიზმსა და ვაჰაბიტებს შორის არის განსხვავება, განსხვავება სწორედ ამაშია. ორივეს აქვს საერთო ძირი. ეს არის “სალაფიზმის” დოქტრინა. ეს ნიშნავს იმას, რომ პურიტანული ისლამის მიმდევრობაზეა საუბარი. მეორე განსხვავებაა, თუ თალიბების მიერ იყო ვიდეო რგოლი გაკეთებული, უნდა გამოეყენებინათ ციტირებები ყურანიდან ან სუნიდან და აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინათ, საიდან აკეთებენ ასეთი ტიპის განცხადებებს და რატომ აცხადებენ ჯიჰადს საქართველოს წინააღმდეგ. დაუსაბუთებელი ჯიჰადის დაფიქსირება, ეს გამორიცხულია. თუნდაც იგივე ისლამური კანონიკური პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი ციტირება არ არსებობს. მე გესაუბრებით პოლიტიკურ ისლამური მეთოდოლოგიის კუთხიდან გამომდინარე. ბუნებრივია, ეს ვიდეო რგოლი არის ფალსიფიკაცია.
_ რას ემსახურება და ვის აძლევს ხელს ამ ვიდეოების გავრცელება?
_ ბუნებრივია აწყობს იმას, ვისაც სურს ქვეყანაში შეიტანოს დესტაბილიზაცია და მიიყვანოს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე. ახლა, ვინ არის ასეთი დესტრუქციული ჯგუფი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის გასაგებია _ “ნაცმოძრაობა.” ამას მტკიცებაც არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, კითხვებზე რომელიც არსებობდა, პასუხები გაცემულია. საჭიროა ამ პასუხების ლუსტრაცია და შესაბამისი ფორმით წარმოჩენა.
_ საქართველოში რამდენიმე დღის წინ, შსს-მ ტერორისტული აქტის დაგეგმვის ბრალდებით მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავა. თუმცა, სასამართლოში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსდგნენ. რა შეფასებას მისცემთ მათ დაკავებას და წარმოადგენდნენ თუ არა ეს პირები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს?
_ მათი დაკავება ბურუსითაა მოცული. აქ ერთი საინტერესო დეტალია: კადიევი, როგორც ფიქსირდება, 2011- 2012 წლებში საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მას ჰქონდა ძალიან ძლიერი ოპერატიული საფარი, რომელიც გარკვეულ კითხვებს აჩენს. ასევე, მას უშუალო კავშირი ჰქონდა და იყო თანამეინახე ისეთი პიროვნების, როგორიც არის პაპასკირის გვარის ეგიდით მოქმედი პიროვნების, რომელიც ოპერატიული ინფორმაციით ოზონით სახელითაა ცნობილი.
_ ვინა არის პაპასკირი?
_ ზურაბ პაპასკირი არის ჩეჩენი ეროვნების, რომლის გვარი თუ არ ვცდები დელიევია. პაპასკირის გვარით პასპორტი გასცა მაშინდელმა შსს ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა. ყველაზე საინტერესოა, რომ ეს ადამიანი, ოზონი, თურქეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავა. მან რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. განახორციელა თურქეთში მოქმედი ჩეჩნეთის დიასპორის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოლიტიკური მკვლელობა. სწორედ ამის გამო იგი დააკავეს და იდენტიფიცირებული იყო როგორც რუსეთის სამხედრო სპეცსამსახურების ( ГРУ) აგენტი. თურქეთის სპეცსამსახურები მიხეილ სააკაშვილის სპეცსამსახური არ არის, რომელიც ანდერსონის ტიპის ზღაპრებს თხზავს. მათი ნდობის ხარისხი მაღალია. აქედან გამომდინარე, პაპასკირის და კადიევის ერთმანეთთან კავშირი მიუთითებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, კერძოდ, მაღალი ვარაუდით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს (მათ შორის, დღესაც ამ სტრუქტურაში მომუშავე თანამშრომლებიც იგულისხმებიან – მაგალითად, ოთარ ორჯონიკიძე, ლადო დათაშვილი, ვალერი ზუმბაძე) უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ჩრდილო კავკასიაში მოქმედ ვაჰაბიტური ერთ-ერთი მიმართულების დაჯგუფებასთან.
_ ბატონო ვახტანგ, ამით რისი თქმა გსურთ?
_ მინდა ვთქვა, რომ ჩეჩნებში, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებს ხუთი მსხვილი დაჯგუფება: I. ე.წ კადიროვის დაჯგუფება. რომელიც კრემლის, პირადად პუტინის დაქვემდებარებაშია და ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებს და საკუთარი კლანური ინტერესები აქვს. რომლებიც წარმოადგენს სამხედრო პოლიტიკურ დაჯგუფებას და ჩეჩნებში მმართველი ძალაა. II. ეს არის დენიევის და იამადაევის დაჯგუფება, რომელიც ანტაგონისტურ დამოკიდებულებაშია კადიროვის დაჯგუფებასთან, იმართება მოსკოვიდან და სულ სხვა ინტერესები აქვს. III. ე.წ. იჩქერიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რომელიც ემიგრაციაშია და ახმედ ზაკაევი წარმოადგენს. მისი დაჯგუფება ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მთავრობა თავის დროზე ლეგიტიმური იყო. IV. დოკუ უმაროვის კავკასიური იმარატის ისლამისტური დაჯგუფება, რომელიც ვაჰაბიტური ორიენტაციისაა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უმაროვის დაჯგუფება ალ-კაიდასთან ურთიერთობაში მყოფი ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. V. ნაკლებად ცნობილი პროვაჰაბიტური დაჯგუფება, რომლებშიც დაქირავებული მებრძოლები არიან; საუბარია არბი ბარაევზე დ ძმებ ახმადოვებზე.
ჩემი აზრით, თავისუფალი მებრძოლების, ისლამისტური მებრძოლების ჯგუფთან, პირდაპირი კავშირი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სპეცსამსახურებს. ყოველ შემთხვევაში, მათი კვალი აშკარად იკვეთება, თუ ჩვენ გავაანალიზებთ პაპასკირის და კადიევის ურთიერთობებს… როგორც ჩემთვის ცნობილია, პაპასკირის გვარით მოქმედი პიროვნება წარმოადგენდა საველე მეთაურის, არბი ბარაევის დაჯგუფებაში მყოფ ერთ-ერთ მეთაურს. ვიდეო რგოლების დაფიქსირება, შეიძლება იყოს თავისუფალ მებრძოლებთან ასოცირებული. ყოველ შემთხვევაში, ამ ბმას, პირადად მე, ნამდვილად ვხედავ, ისევ როგორც, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ურთიერთობები ჰქონდა დოკუ უმაროვის კავკასიური იმარატის წარმომადგენლებთანაც. სხვათაშორის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაფიქსირებულ რაზმზე, დოკუ უმაროვის დაჯგუფებამ დაადასტურა, რომ ისინი მათი ჯგუფის წევრები იყვნენ. აქედან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი საშიშ გეოპოლიტიკურ თამაშს ახორციელებდა, რადიკალურ ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენლებთან.
_ თუ მიხეილ საკაშვილის ურთიერთობა დადასტურდა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებასთან, ამაზე რა რეაქცია ექნება დასავლეთს?
_ პირადად ჩემთვის, ეს ფაქტი დადასტურებულია. თუ ეს ფაქტები არ დაიდება, ეს იქნება სახელმწიფო დანაშაული. აუცილებლად უნდა დაიდოს, დადასტურდეს და აღიარებული იქნას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დადანაშაულებული იქნება ალ-კაიდასთან კავშირში. ამ თამაშის წარმოჩენის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს ლობისტებიც კი ვერ უშველიან. ამის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის დამოკიდებულება მის მიმართ აბსოლუტურად შეიცვლება. თუმცა, დღეს, მათი დამოკიდებულება სააკაშვილის პერსონის მიმართ განსხვავებულია.
ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება არ უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას. მიუხედავად ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებისა, კონგრესმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ინიციატივა დაამტკიცა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ, მე ერთ ფსონსაც არ დავდებდი მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე და მის პოლიტიკოსობაზე.
_ მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგ ასეთი მტკიცებულება თუ არსებობს, ხელისუფლება რატომ არ აქვეყნებს ამ ფაქტებს, რა არის ამის მიზეზი?
_ ხელისუფლება ამ ფაქტებს რატომ არ ამზეურებს, არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის ახლადაღმოჩენილი გარემოებები, რომელიც მაისიდან დაიწყო. ამ ფაქტების გამოკვეთა ინტენსიურად უნდა მოხდეს. იმედია, ამ ფაქტების რეალურ მტკიცებულებებს გამოამზეურებენ. აუცილებელია დადგინდეს რეალური კავშირების სრული სქემა, რომელიც, ჩემი აზრით, მალე გაიშიფრება. ამის შემდეგ, საერთაშორისო დონეზე “ნაცმოძრაობის” მიმართ მხარდაჭერა რადიკალურად შეიცვლება. დღეს “ნაცმოძრაობა” აგონიაშია. ყველა ის პოლიტიკური პროვოკაცია, იგივე 8 თებერვალი, 17 მაისი მიმართული იყო იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია დაძაბულიყო და გადაქცეულიყო პოლიტიკური კრიზისის კერად. ისინი ჩქარობენ, რადგან იციან, რომ ეს ფაქტები გამომზეურდება და უნდათ დაასწრონ მოვლენებს.
_ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებზე თავდასხმა მოხდა, 7 ჯარისკაცი დაგვეღუპა… თქვენი აზრით, ეს დამთხვევა იყო?
_ ყოველ შემთხვევაში, მე ვაკავშირებ ერთმანეთთან ფაქტებს; პირველი, სამხედრო თავდასხმა იყო ანუ ტაქტიკური ტიპის ოპერაცია, რომელიც თალიბებმა მოწინააღმდეგის მიმართ განახორციელეს. მეორე იყო დივერსია _ წმინდა ტერორისტული აქტი. როგორც ჩანს, ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.
13 მაისს გახორციელებული თავდასხმის დროს, 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 5-მა თალიბმა ჩვენს ბაზას შეუტია, სადაც გამოყენებული იყო შაჰიდის, ანუ ტერორისტი თვითმკვლელის ფაქტორი, რომელმაც გაარღვია კედელი, შემდეგ კი, 5 ტერორისტი თალიბი შეიჭრა და სამხედრო შეტევა განახორციელა ჩვენს ბაზაზე. მეორე იყო ტერაქტი.
ჩემი აზრით ტერაქტი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ის ვიდეო რგოლებიც, როგორც ჩანს, ადრე იყო მომზადებული.
_ აქვს თუ არა კავშირი 26 მაისს, ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას ქართული სამხედრო ბაზის აფეთქებასთან?
_ 26 მაისის ფაქტი კარგი მოტივაცია იყო თალიბებისთვის. კარგად უნდა ვიცოდეთ, ავღანეთში რა სიტუაციაა. ავღანეთში კონსტიტუციაზე, იურიდიულ ნორმაზე, პრინციპზე, ან რელიგიური შარიათის კანონზე მაღლა დგას და მოქმედებს ეთიკური ქმედების კოდექსი, რომელსაც პუშტუნვალე ჰქვია. მისი ერთ -ერთი პრინციპი არის ნანგი, ანუ – ღირსება. იმ არეალში, სადაც ჩვენი სამხედროები აისაფის ფორმატში სამსახურს გადიოდნენ, პუშტუნები ცხოვრობენ, რომლებშიც პუშტუნვალის პრინციპი პატივმოყვარეობის ერთ-ერთი გამოვლენაა. ნანგი არის ღირსება. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადებებით, ნანგის პრინციპი შელახა. ამ პრინციპის შელახვას, ახლავს ღირსების პრინციპის შელახვის შურისძიების პრინციპი ბადალი. თალიბებმა, როგორც კარგი მოტივაცა გამოიყენეს იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში შექმნილიყო დამატებითი განწყობა ქართველი სამხედროების მიმართ. ის ადამიანი, რომელმაც ტერორისტული აქტი განახორციელა, კარგად იყო ინტეგრირებული ქართველ სამხედროებთან, შესაძლოა, ამ ბაზის თანამშრომელიც კი ყოფილიყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ნანგის პრინციპის გამო, ამ ადამიანის გადმობირება მოახდინეს, სწორედ იმისთვის, რომ ბადალის პრინციპი ამოქმედებულიყო. თალიბები კარგად იყენებენ პუშტუნვალის პრინციპებს. ამ პრინციპის მიხედვით, თავის მხარეზე ბევრი ტომის და კლანების გადმოყვანა მოახერხეს; მეტიც, 2007 წელს თალიბებმა თავიანთი ქმედების კოდექსიც კი შეიმუშავეს. ის ინფორმაცია, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 26 მაისს, ნახევარ საათში ეცოდინებოდათ იქაურ მცხოვრებლებს, რადგან იქ ყველაფერი სწრაფად ვრცელდება.