გამოძიებამ მას წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დასდო ბრალი. თოდუა მინისტრ დავით ნარმანიას ბიძაშვილია და მის ინტერესებს ნარმანიას ძმა, ადვოკატი ირაკლი ნარმანია იცავს.
ირაკლი ნარმანია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ კობა თოდუა უდანაშაულოა და ამას მალე დაამტკიცებენ. ადვოკატი გამოძიების მიერ დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს:
_ თოდუას დაკავება მოხდა სასამართლო განჩინების გარეშე, იმ ვითარებაში, როცა ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. იმ დღეს თოდუა ჩვეულებრივ სამსახურებრივი მანქანით მოძრაობდა, როდესაც ნიღბიანმა და შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თოდუა მარტშიც ჰყავდა გამოძიებას დაბარებული, გამოცხადდა, დაიკითხა და ამის მერე ჩვეულებრივად აგრძელებდა ამ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ შემთხვევაშიც რომ დაებარებინათ, თოდუა ჩვეულებრივად გამოცხადდებოდა დაკითხვაზე და ნიღბიანები სპეცრაზმელებით მისი დაკავება საჭირო არ იქნებოდა.
_ თოდუა ერთ-ერთია იმ სამი ბრალდებულიდან, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ. კონკრეტულად, რას ედავება მას გამოძიება?
_ პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მისი დაკავებიდან მეშვიდე დღე გავიდა და ამ დრომდე არც კი დაუკითხავს გამოძიებას, ისე წაუყენეს ბრალი. ერთადერთი თავიდან ჰკითხეს აღიარებდა თუ არა დანაშაულს და ითანამშრომლებდა თუ არა გამოძიებასთან, რაც მას ბრალს შეუმსუბუქებდა. იცოდნენ რა, რომ თოდუა არ მისცემდა მათ სასარგებლო ჩვენებას, არც კი დაკითხეს და საქმეში ჩადეს სხვა დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები.
გამოძიებამ კობა თოდუას ბრალი დასდო იმაში, რომ მან თითქოს თავისუფლება აღუკვეთა ორ პირს და კონდახით სცემა ისინი. ფირზე, რომელიც გამოძიებამ გადმოგვცა, არც კონდახით ცემის ფაქტი ჩანს, არც კობა თოდუა და არც მისი ხმა ისმის. აღსანიშნავია, რომ არც დაზარალებულები მიუთითებენ მის მონაწილეობაზე. საქმეში დევს სამი ყოფილი პოლიციელის ჩვენება, რომელთაგან ერთ-ერთი თავად მონაწილეობდა დანაშაულში. თავადაც აღიარებს, რომ მართალია ადამიანებს არ აწამებდა, მაგრამ მიწურებში ხალხს დარაჯობდა, რომ არ გაქცეულიყვნენ. ამ ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და გამოძიებას საქმეში მოწმის სტატუსით ჰყავს წარმოდგენილი.
_ ფიქრობთ, რომ სასამართლომ კობა თოდუას მტკიცებულებების არარსებობის პირობებში შეუფარდა წინასწარი პატიმრობა?
_ პროკურატურა პატიმრობის შეფარდების საფუძვლად არ უთითებდა დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეს. სასამართლომ ეს გარემოება საკუთარი ინიციატივით დაამატა, რა დროსაც გამოიყენა შაბლონი, სტანდარტული ფორმა. 2009 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე _ “ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, მიუთითა, რომ ასეთი სტანდარტული ფორმის გამოყენება არღვევს ადამიანის უფლებას. გარდა ამისა, სასამართლოს ცხრავე პირის მიმართ ერთი და იგივე არგუმენტები აქვს მითითებული, არანაირი ინდივიდუალური მიდგომა არ მომხდარა, შეუძლებელია რომ ცხრა პირი ერთნაირად იქცეოდეს, ცხრავემ განმეორებით ჩაიდინოს დანაშაული, ცხრავემ მტკიცებულება გაანადგუროს და ცხრავე მიემალოს გამოძიებას.
_ თქვენ თქვით, რომ კობა თოდუა მარტშიც დაკითხეს. კონკრეტულად რომელ საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული?
_ საქმე რაღაც ფირს ეხებოდა, სადაც, თითქოსდა, კობა თოდუა ჩანდა, თუმცა, მაშინ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და თოდუა ჩვეულებრივად აგრძელებდა მუშაობას.
კობამ რამდენჯერმე შეუთვალა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რადგანაც ამ თანამდებობაზე წინა მთავრობამ დანიშნა, მისი დარჩენა ხომ არ შეუშლიდა ვინმეს ხელს. ამაზე თოდუას პასუხობდნენ, რომ მასთან არანაირი კითხვები არ ჰქონდათ.
_ შესაძლოა მინისტრ დავით ნარმანიას ფაქტორმა განაპირობა მისი თანამდებობაზე დატოვება.
_ არა, ნამდვილად, დავით ნარმანიას ფაქტორი გამორიცხულია. ეს თუნდაც იქედან ჩანს, რომ დღეს კობა თოდუას ორი უმძიმესი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.
_ თქვენ ამბობთ, რომ თოდუა უდანაშაულოა. როგორ აპირებთ ამის დამტკიცებას სასამართლოში?
_ ამის დამტკიცება არ გაგვიჭირდება. იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რასაც მას ედავებიან, კობას კონკრეტულად ახსოვს, რომ იმ დროს ის შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. არიან ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ ამას. იმ დღეს კობას ძმის დაბადების დღე იყო და ის იმყოფებოდა თბილისში და არა დასავლეთ საქართველოში. საინტერესო გარემოებაა ისიც, რომ ყველა დაკავებული ყოფილი პოლიციელია, მხოლოდ თოდუაა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სამსახურეობრივადაც არ ჰქონდა დანარჩენებთან კავშირი. კობა თოდუა თვლის, რომ უდანაშაულოა. ის ამბობს: “თუ წამებაში ან ცემაში ჩემი მონაწილეობა დადასტურდება, მზად ვარ, სასამართლომ კი არა ხალხმა ლინჩის წესით გამასამართლოს.”
_ თუ თავს უდანაშაულოდ თვლის, მაშინ რით ხსნის დაპატიმრებას, რა ვერსიები აქვს თავად კობა თოდუას?
_ კობას აქვს რამდენიმე ვერსია, მაგრამ ამ დროისთვის რამის დადასტურება შეუძლებელია. ერთ-ერთი ვერსიაა ის, რომ მასზე, როგორც დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანზე, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას კურირებდა, აფხაზეთის და რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობდნენ, რუსეთის “ფსბ”-ს ის პირდაპირ ჰყავდა კონტროლზე აყვანილი. ასევე არსებობს ეჭვი, რომ რადგანაც მას თანამდებობა ეკავა წინა ხელისუფლების დროს, შესაძლოა, ესეც გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი.