"ღორი არ შევა, ისეთ სახლში მყავს ავადმყოფი შვილი. მთელ დღეებს გარეთ ვატარებთ. ერთი პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მხოლოდ ღამეს ვათევთ. ხშირად მიწევს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, მაგრამ ექიმი სახლში ვერ შემყავს _ გარეთ ვაწვენ ავადმყოფ შვილს. აქ რომ შემოვიყვანოთ ვინმე, გაგიჟდება, ისეთი ამბავია", _შემოგვჩივლა 63 წლის მადონა გიორგაძემ.
მადონა გიორგაძე, თავის 41 წლის შვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემში ცხოვრობს. ეზოს კუთხეში პატარა ფიცრულში დედა-შვილს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი საცხოვრებელი სახლი ერთი პატარა ოთახისა და მცირე მისაღებისგან შედგება. კედლებზე უზარმაზარი ნაპრალები და ჭუჭრუტანებია, ფიცრულს ერთი პატარა სარკმელი აქვს. "ოთახში" ორი საწოლი და ძველი მაგიდა დგას, მაგიდაზე წამლებია მიმოფანტული.
_ 4 წლის წინ 3 ათასი ლარი მომცა ხელისუფლებამ. სახლის აშენება დავიწყეთ, მაგრამ ეს ფული არ გვეყო, მერე ვალი ავიღეთ, მაგრამ სახლის აშენება მაინც ვერ მოვახერხეთ. სოციალურ დახმარებას და პენსიას ვიღებ, მაგრამ შვილის მკურნალობას ვერ ყოფნის _ რთულად აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. წვიმა ჩამოგვდის. ამ ქოხში ყოფნას, ხის ძირში ცხოვრება ჯობია. თუ რამეს შეძლებთ და დამეხმარებით, უფალი შეგეწევათ.
17 წლიდან სულ წამლებზე მყავს შვილი, ახლა 41 წლისაა. დავაგროვებ ცოტაოდენ ფულს, იქნებ, რამე მივამატო სახლს და გადავიდეთ,-მეთქი, მაგრამ მერე ისევ წამალში მეხარჯება, რამდენჯერ პურზე და ჩაიზე გადამიტარებია მთელი დღე ავადმყოფი ადამიანი. უწამლოდ მისი ყოფნა არ შეიძლება. საკვებზე რომ დავხარჯო პენსია და დახმარება, მერე რითი ვუყიდო წამალი?! _ გვითხრა მადონა გიორგაძემ.
როგორც ქალბატონი მადონა ამბობს, ასეთ მდგომარეობაში წლებია, უწევთ ცხოვრება; შეჰპირდნენ ერთი ოთახს გაკეთებას, მაგრამ არავინ დახმარებია.
ნიგვზიანის თემის რწმუნებულის ირაკლი გუჯაბიძის თქმით, გიორგაძის ოჯახი მართლაც უკიდურესად გაჭირვებულია:
_ რამდენიმე წლის წინ ,3 ათასი ლარი გადაეცათ სახლის ასაშენებლად, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ეტაპზე გიორგაძეებს მეორადი ფანჯრები მივუტანეთ. მართალია, ეს ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მეტი თანხის გაღება არ ხერხდება, _ ამბობს გუჯაბიძე.