2 ივლისს, თბილისში ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თომას შტოლნერი ჩამოდის. ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელის მოწვევის გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიიღო, რომელმაც მანამდე საყდრისთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება ბულგარელ და გერმანელ მეცნიერებს დაუკვეთა.
გავრცელებული, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შტოლნერმა საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზესამეცნიერო კვლევების გასაგრძელებლად 8 თვე და 1 მილიონი ლარი მოითხოვა. ამბობენ, რომ ფულს კომპანია "RMG გოლდი" გადაიხდის.
"სულ რაღაც სამი თვის წინ, ეროვნულმა სააგენტომ პირველი ნაბიჯი გადადგა, როდესაც მოიწვია უცხოელი ექსპერტები. ბულგარელი და გერმანელი მეცნიერები პირდაპირ კავშირში არ იყვნენ დაინტერესებულ მხარეებთანდა,შესაბამისად, მათ, როგორც დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ექპერტებმა, სხვადასხვა რეკომენდაციები მოგვცეს. საზოგადოებამ კარგად იცის ამ დასკვნების შესახებ და ის პირველი პირობა, რომელსაც სააგენტო იმთავითვე ასახელებდა, საქართველოში საყდრისის ექსპედიციის ხელმძღვანელის შტოლნერის მოწვევა იყო. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მას გაეგზავნა წერილი და ეთხოვა, რომ ჩამოვიდეს და კვლევა წარმართოს, როგორც "RMG გოლდის",ასევე, ეროვნული სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად. ბუნებრივია, რომ საყდრისის ირგვლივ განვითარებულ საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს," _ ამბობს "გურია ნიუსთან" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პიარსამსახურის ხელმძღვანელი ნათია მურაჩაშვილი.
ჩვენს კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია "RMG გოლდის" მიერ კვლევების 1 მილიონი ლარით დაფინანსების შესახებ, მურაჩაშვილი ამბობს, რომ შტოლნერის ვიზიტთან დაკავშირებით სააგენტო ხვალ გაავრცელებს სპეციალურ განცხადებას.
პროფესორ შტოლნერისადმი გაგზავნილ წერილში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე წერს:
"ექსპერტთა რეკომენდაციის მიხედვით საყდრისის პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალი სამეცნიერო და ეკონომიკურ ინტერესებს შორის კონსენსუსის მიღწევაა, რაც მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა. შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ქართულ-გერმანული ექსპედიციის და კომპანია "RMG გოლდის" მონაწილეობით უნდა გადაიჭრას. უფრო მეტიც, ეს მიდგომა მორიგებაში დაეხმარება განსახვავებულად მოაზროვნე ბიზნესსექტორს და შექმნის ისეთ პლატფორმას, რაც სასარგებლო იქნება ყველა მხარისათვის."
ანთიძის თქმით, საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემის მოგვარების პროცესში შტოლნერის ჩართვა აუცილებელი და ამავე დროს, გადაუდებელია.
გერმანელმა პროფესორმა მიწვევა მიიღო და 2 ივლისს ის თბილისში იქნება. პროფესორი მზადაა შეხვდეს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს და პრობლემის მოგვარების მისეული ხედვა გააცნოს.
ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრი, არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე ფიქრობს, რომ ინფორმაცია შტოლნერის მიერ გარკვეული თანხის მოთხოვნის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება:
"მე ვერ ვიგებ, ვინ უნდა დააფინანსოს ეს კვლევა, ვისთან ვარ მე პასუხისმგებელი _ "RMG გოლდთან" თუ სახელმწიფოსთან? ვინ რას ითხოვს ჩემგან, რატომ გვაფინანსებენ? თუ გადაწყვეტილი აქვთ ძეგლის დანგრევა, ესეც უნდა თქვან: ამოიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და დატოვეთ ტერიტორია, რადგან ამას ვაპირებთ. ამ შემთხვევაში მოვლენები სრულიად განსხვავებულად განვითარდება. მეეჭვება, მათ სურდეთ ძეგლის შენარჩუნება და კვლევების განახლება იყოს მათი კეთილი ნება. ამ ყველაფერს სხვანაირი სუნი უდის. მგონია, რომ სურთ საყდრისის დაცვის საზოგადოება ჩვენს წინააღმდეგ შემოაბრუნონ, ვითომ შტოლნერი და მე ფულს ვიღებთ. ჩვენ არანაირ ფულს არ ვიღებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მეცნიერები და მოგვეცით საშუალება, რომ ამ ძეგლიდან ინფორმაცია ამოვიღოთ. მერე გადავწყვიტოთ, რა შეგვიძლია აქედან შევინახოთ. მე როგორ ვთქვა წინასწარ, იქნებ ხვალ-ზეგ თავისით ინგრევა? მთა არის და ყოველ წელს რომ მივდივარ, დაფშვნილი მხვდება. თომასმა დამირეკა და მითხრა, არ მინდა მაგათთან ვიყო და იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, რა დღეშიც პროფესორ ალბრეხტ იოკენჰოვენი აღმოჩნდაო _ როდესაც ის გადამალეს და ინტერვიუს მიცემის საშუალებაც არ მისცეს. დღეს კი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შტოლნერი ფულს ითხოვს. სინამდვილეში კი ის არაფერს ითხოვს, რადგან ძეგლის დაცვა-არდაცვას მას არავინ ეკითხება. თუ მას უხდიან ფულს, ეს არის კვლევების დაფინანსება," _ ამბობს ირინე ღამბაშიძე.
ერთ-ერთი ვერსიით, "RMG გოლდი" შტოლნერისგან ძეგლის გადატანის რეკომენდაციას ელოდება, რათა ბორცვზე სრულმასშტაბიანი სამუშაოები განაახლოს. ირინე ღამბაშიძე კი თვლის, რომ გადასატანი იქ არაფერია:
"რა უნდა გადავიტანოთ? თუ მთის გადატანა შეიძლება, მაშინ გადაიტანონ, ჩემი განათლება ამას არ ჰყოფნის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის შეუსწავლელი ნაწილის არქეოლოგიური შესწავლა და ინფორმაციის ამოღება. ჩვენ მხოლოდ ერთი გავთხარეთ და აღმოჩნდა მეოთხე-მესამე ათასწლეულების მტკვარ-არაქსის კულტურა; აქეთ შეიძლება იყოს მეორე, პირველი და ა. შ. კულტურები. არ ვიცით წინასწარ, რა იქნება. ამიტომ ეს ადგილი არის შესასწავლი," _ ამბობს ღამბაშიძე.
მისივე თქმით, ამ სახით ოქროს მაღაროს შენარჩუნება გაჭირდება, რადგან კლიმატური პირობები მას ყოველწლიურად აზიანებს.
"შეიძლება თუ არა ამის შენარჩუნება? არსებობს მარილის, სპილენძის მაღაროები, მაგრამ ოქროს საბადო შენარჩუნებული მე არ ვიცი. ოქრო არის ძარღვებში, რომელიც არის დაბზარული, ვინაიდან წვიმა ჩადის და ყინვა ხეთქავს; მაგრამ რადგან ეს უძველესი აღმოჩნდა და ძალიან შთამბეჭდავია, შენარჩუნება გვინდა."
არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე ბოლოს ბულგარელ და გერმანელ მეცნიერებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ძეგლი დაზიანებულია და პრაქტიკულად ამოვსებულია მიწით:
"ის არის ძალიან დაზიანებული, პრაქტიკულად ამოვსებულია მიწით. შესასვლელი არის ჩამონგრეული. იქ იყო ის სამი გვირაბი, რომელიც ჩვენ გავწმინდეთ და ძალიან კარგად გაჭედილი და გამყარებული გვქონდა. ერთი გვირაბი არის ძალიან საშიში _ იქ ერთი ქვაც რომ ჩამოვარდეს, სავარაუდოდ, შეძლება მთლიანად ჩამოინგრეს და ჩამოიშალოს. არ ვიცი, როგორ დაანგრიეს. ჩანს, რომ თითქოს უკანა მხრიდან არის მოწოლილი ტრაქტორი და იქედან არის ჩანგრეული. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ იქ უნდა იყოს დიდი ლოდები, რომელიც იქნება გაჭედილი."
დღეს არქეოლოგებმა ირინე ღამბაშიძემ და გოგი მინდიაშვილმა საყდრისის ბორცვზე ასვლა სცადეს, თუმცა, "RMG გოლდის" უსაფრთხოების სამსახურმა მათ ამის ნება არ მისცა. გავრცელებული ინფორმაციით არქეოლოგები კაზრეთის პოლიციაში დაკითხეს.