დღეს, ოზურგეთში, მერობის კანდიდატის შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერი, სოსო ერქომაიშვილი, საარჩევნო უბნებზე დადის და ამბობს, რომ მას მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბეგლარ სიორიძის შტაბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
"დილიდანვე შეიმჩნევა შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერთა ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა რეპლიკებით ცდილობენ ბეგი სიორიძის მხარდამჭერების გამოწვევას და მათთან კონფლიქტში შესვლას. განსაკუთრებით კი აქტიურობს პიროვნება, (როგორც შტაბში აცხადებენ, სავარაუდოდ მას ქვია სოსო), რომელსაც რამდენჯერმე ბეგი სიორიძის შტაბში შესვლის მცდელობაც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მას აუხსნეს, რომ იქ სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და ხელს მისი ამგვარი ქმედება ხელს უშლის საარჩევნო პროცესს, მან დატოვა შტაბის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ამის შემდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართულად დაიწყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხმების გავრცელება, თითქოს მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და მცდელობა, არაჯანსაღი სიტუაცია შექმნან პროცესის მიმდინარეობისას. ჩვენ ვემიჯნებით მსგავს პროვოკაციებს. ვაცხადებთ, რომ ჩვენი სურვილია არჩევნებმა მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიაროს", – აცხადებს ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბის უფროსი გელა კობალაძე.
"გურია ნიუსი" ამ წუთებში ცდილობს სოსო ერქომაიშვილთან დაკავშირებას და მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.