ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, დღეს პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, დილის 8:00 საათიდან ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველ ორ საათში ერთხელ მიაწვდის ამომრჩევლებს დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ამომრჩეველთა აქტივობის პირველ მონაცემებს ცესკო 10:30- ზე გამოაქვეყნებს.
ცესკოს თავმჯდომარემ ასევე შეახსენა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია და აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.
თამარ ჟვანიამ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, არჩევნების დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მედია ცენტრი და ცხელი ხაზი _ 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.
_ ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, _ აღნიშნა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება 8 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი) და 13 მუნიციპალიტეტში (ახმეტა, თელავი, ყვარელი, გორი, თიანეთი, ხონი, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა, მარტვილი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ხულო).