ნაძალადევის მე-10 უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი საავადმყოფოში გამოკვლევებზეა გადაყვანილი.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს, რადგან ხელი დაარტყა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა. ალკოტესტით არავითარი ალკოჰოლი არ აღმოაჩნდა. ამ წუთებშიც მე-10 უბნის გარეთ დიდი თავყრილობაა გაურკვეველი მისიით მისული ადამიანების, რომლებიც არ არიან ამომრჩევლები", _ წერს თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ნაძალადევის მე-10 საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი გამოაძევეს.
"ქართული ოცნების" კოორდინატორები მიზანმიმართულად ცდილობენ ვიდეოკამერიან დამკვირვებლებთან კონფლიქტში შესვლას. სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. პოლიციას კი, საქმის ვითარების გარკვევის საბაბით, უბნიდან მიჰყავს არა კონფლიქტის გამომწვევი „ოცნების“ კოორდინატორები, არამედ სწორედ ის დამკვირვებლები, რომლებიც უბნების ვიდეოგადაღებას აწარმოებენ", _ განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნიკოლოზ ჩომახაშვილის გამოძევების ფაქტთან დაკავშირებით.