"ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური ოცნების დაშლილი კოალიციის შემორჩენილი აქტივისტების წრეგადასული აქტიურობით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს წინასწარ დარეგისტრირებული ამომრჩევლის მიყვანა, რომელთა აღრიცხვას უბნების შორიახლოს მდგარ მიკროავტობუსებში მოკალათებული კოორდინატორები აწარმოებენ.
როგორც ამბობენ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები იძულებით, დაშინებით და შანტაჟით მიჰყავთ სარჩევნო უბნებთან. ეს ის ადამიანებია, რომელთაც გარკვეული პრობლემები გააჩნიათ.
ძირითადად, პატიმართა ოჯახის წევრები არიან გამოუვალ მდგომარეობაში", _ ნათქვამია ოზურგეთის ოპოზიციონერი კანდიდატის, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის შოთა გოგიბერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენეიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ დრომდე "პატრიოტთა ალიანსის" და მისი წარმომადგენლის შოთა გოგიბერიძის მხრიდან საოლქო კომისიაში ერთი საჩივარიც არ შესულა.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შოთა გოგიბერიძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო შოთა, თქვენ განცხადება გაავრცელეთ, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები ტარდება არადემოკრატიულ ვითარებაში. საოლქოს თავმჯდომარე ზვიად თენეიშვილი აცხადებს, რომ საჩივრები თქვენგან საერთოდ არ შესულა. აპირებთ საჩივრების შეტანას?
_ რამდენიმე საჩივარი მზადდებაო მითხრეს და როდესაც შეიტანენ, გვეცოდინება შემდეგ. ამ წუთას არ მაქვს ინფორმაცია.
_ რაც შეეხება თქვენს მეორე განცხადებას, რომელიც ასევე თქვენი სოციალური ქსელით გავრცელდა, სადაც აღნიშნავდით, რომ თუ ასე გაგრძელდა, "მოსალოდნელია ჯანყი გურიაში", რას გულისხმობდით?
_ ვერ გაძლევ მე ვერანაირ კომენტარს, რადგან არც ფეისბუქი მაქვს მე ჩემს ოფისში და არც კომპიუტერი…







































































