რამდენიმე წუთის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში, თბილის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ, თბილისის მერის არჩევნების მე-2 ტური შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის და მისი პარტიისთვის, ახლა მთავარია არჩევნებში მიღებული ხმების დაცვა.
მან, ასევე მადლობა გადაუხადა იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა მის სასარგებლოდ მისცეს.
"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამომრჩევლებს, რომელმაც არჩევნები ჩემს სასარგებლოდ გააკეთა. ასევე ყველა თბილისელს, რომელიც გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ახლა მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცესი, რომელიც ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე, იყოს ძალიან სამართლიანი. მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი დამკვირვებელი მაქსიმალურად იყოს მობილიზებული და მიუხედავად იმ ზეწოლისა, რაც სამწუხაროდ მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა არაერთ საარჩევნო უბანზე და განსაკუთრებით, ის ყველაფერი რაც წინ უძღოდა მე-2 ტურს.
წინასაარჩევნო პერიოდში "დაგვირგვინდა" ჩემი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის უსაფუძვლო, არა აუცილებელი დაკავებითა და მისი დაპატიმრებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ვიყოთ მობილიზებულები და თითოეული ხმა დავიცვათ."
მელიამ ასევე ისაუბრა არჩევნების მე-2 ტურში დაბალ აქტივობაზე, რაც მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს უკავშირდება.
"მნიშვნელოვანია, ასევე ხაზი გაუსვა იმ დაბალ აქტივობას, რომელიც დღეს თბილისში დაფიქსირდა. გამოცხადება უფრო დაბალი იყო, ვიდრე პირველ ტურში. ეს ცალსახად მოუთითებს, ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ არამწყობრ ნაბიჯებზე.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხმები სამართლიანად იქნა დათვლილი. ჩვენ ცუდი პრაქტიკა გვაქვს მიღებული პირველ ტურში. როდესაც დაახლოებით 40 000 ბიულეტენი გაბათილდა. იმედს ვიტოვებ, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ექნება“, _ განაცხადა მელიამ.

































































