20 აგვისტოდან 30 აგვისტომდე ანაკლიაში კაზანტიპის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალს სასულიერო პირები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მისი ჩატარებით საქართველოს დიდი უბედურება დაატყდება თავს.
მამა დავით ქვლივიძე ამბობს, რომ "ეს ფესტივალი სინამდვილეში არის სოდომ-გომორული ცხოვრების აპოკალიფსები საქართველოში". მისი თქმით ყირიმის მაგალითიც აჩვენებს ამას.
"ყირიმში სახელმწიფოსავით აქვთ შექმნილი, შემოღობილი იყო დაახლოებით 17 ჰექტარი მიწა, იქ არის სახელმწიფოები, ჰყავთ მეფე, მღვდელი, მაგრამ იქ ხდება დედათმავლობა, მამათმავლობა, ხდება პატარა ბავშვების გარყვნა და ღმერთის გმობა. თუ კაზანტიპის ფესტივალი საქართველოში ჩატარდა, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდება. სავალალო შედეგით დასრულდა კაზანტიპი უკრაინაში, ასე დაინგრა ბევრი უძველესი იმპერია, ასე იყო ლაშა-გიორგის დროს და საქართველო სულ უკან-უკან წავიდა. მეფეს მიბაძა ერმა და სწორედ ამიტომ შემოუსია ღმერთმა სასჯელად ჯალალედინი.
გარყვნილება ქვეყანას ანადგურებს. მტერმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს დანგრევა მხოლოდ გარყვნილებით შეიძლება. ეს გამიზნულად იწყება 20 აგვისტოს და 30-ში მთავრდება, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობის მარხვას აღნიშნავს და ჩვენ უფალს წყალობას ვევედრებით. ჩვენ არ უნდა განვარისხოთ უფალი, ნუთუ ვერავინ ხედავს რა საშიშროების წინაშე ვართ დღეს ერი. მარიამობის მარხვაში ასეთი არნახული გარყვნილების დანერგვა უფლის სასჯელით დასრულდება. გახსოვთ ანტიდისკრიმინაციული კანონის დღეს რა სტიქიური მოვლენები მოჰყვა და გრძელდება დღესაც.
ჩვენი ერთადერთი პატრონი უფალია და ჩვენი წმინდანები, ამიტომ ჩვენ არ უნდა განვარისხოთ ღმერთი და როგორმე უნდა ვაიძულოთ ის პირები, რომლებსაც ეხებათ ამ ფესტივალის საქართველოში ჩატარება რომ აკრძალოს და აარიდოს საქართველოს უფლის სასჯელი", _ ამბობს მამა დავითი.
მამა დავითს ეთანხმება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და აცხადებს, რომ ამ ფესტივალის ჩატარება მითუმეტეს მარხვის დროს საქართველოში არ შეიძლება.
"ყველა ქართველი ადამიანისთვის მარიამობის მარხვა წმინდათაწმინდაა და ეს ფესტივალი ქართველების ტრადიციებს და სულიერებას ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება ამ დროს საქართველოში ჩატარდეს ის უმსგავსოება, რომელსაც ვკითხულობთ და ვუყურებთ. შენდობა ვთხოვოთ დედა ღვთისმშობელს, რომ ვიღაცამ ეს აზრი თავში გაივლო და ამ ფესტივალის ჩატარება ჩაიფიქრა, სწორედ რომ ჩაიფიქრა და დარწმუნებული ვარ უფალი არ დაუშვებს ამ იდეის განხორციელებას", _ განაცხადა ქადაგების დროს მიტროპოლიტმა.

































































