"რას მოჰყვა ეს დაპირისპირება ჩვენთვისაც გაუგებარია. აგინებდნენ სომხებს! თუმცა დაველოდები რას იტყვის გამოძიება", _ ასეთი განცხადება გააკეთა "გური ნიუსთან" სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის, საქართველოს ეპარქიის, იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათა შორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმღვანელმა, ლევონ ისახანიანმა.
საქმე იმაშია, რომ გუშინ, ავლაბარში, სომხური ეკლესიასთან დაპირისპირება მოხდა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან მცხოვრებ ერთ-ერთ პირს, პრეტენზია გაუჩნდა იმაზე, რომ სომხური ეკლესიის მრევლს მანქანა არასწორად ჰყავდა გაჩერებული, რასაც კამათი მოჰყვა. კამათი დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა. ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლაც მოხდა.
ბატონი ლევონის აზრით: "თავდამსხმელები რაღაც ორგანიზებული დაჯგუფებიდან იყვნენ, რომელსაც გარკვეული სტრუქტურები და პირები აკონტროლებენ. იქ იყო სოლიდურად ჩაცმული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამას, შორიდან აკვირდებოდა.
რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა?! იმიტომ, რომ მოვიდნენ და თქვეს – სომხების ასე და ისეო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ამაზე რომ ვუთხარით, გვითხრეს – ამაზე არ ვისაუბროთ, არ გვინდა, სხეულის დაზიანებაზე ვისაუბროთო. "
როდესაც ლევონ ისახანიანმა "გურია ნიუსის" ვებგ-ვერდზე სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ჩხუბის შესახებ ინფორმაცია წაიკითხა, სადა წერია, რომ შსს ცემის ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას და ცემა ეკლესიის შიგნით არ მომხდარა, გვითხრა:
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თქვენ, როგორც ჟურნალისტი, მოგატყუათ, როცა თქვეს, რომ ცემის გარდა არაფერი მომხდარა. სასულიერო პირს ჯვარი მოგლიჯეს და სომხებს აგინებდნენ. მადლობა უფალს, რომ ეს ფაქტი ეკლესიის შიგნით არა მომხდარა. ესღა გვაკლდა, რომ ვიღაცა მოვიდეს და ეკლესიის შიგნით რაღაცეები გააკეთოს. თუ შსს ამ ფაქტს სწორ კვალიფიკაციას არ მისცემს და ასე გაგრძელდა, არც ის დრო არ არის შორს…
უპირველეს ყოვლისა შსს ზოგადად ცდილობდა, ამ საქმეს ეთნიკური კვალიფიკაცია არ მისცემოდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ ვეუბნებით, ამ კაცმა თქვა, თქვენი სომხების სათითაოდ დედა… და ამაზე დიაკვნებმა თქვეს – შენ ვის აგინებო და ამან ქუჩაში გამოიყვანა, ამიღო დუბინკა, დიდი ქვა აიღო და უნდოდა იმით ვეცემეთ. მერე სასულიერო პირს ხელი ჰკრა და აგინებდა. ისინი იყვნენ შეიარაღებულები. ჩვენთან ორ პიროვნებას ხელი აქვს გაჭრილი და ბოთლით გადასერილი. სამწუხარო ის არის, რომ ამას ამ ეტაპზე, სათანადო კვალიფიკაციას არ აძლევს შს სამინისტრო."
გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის "სურბ ეჩმიაძინ" ეკლესიაზე მოხდა დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით. დაახლოებით 16:00 საათზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ორგანიზებული პროვოკაცია.
ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა დაიწყო უკმაყოფილობის გამოთქმა მღვდელმსახურის მიმართ, რომლის ავტომანქანაც ვითომდა მას ხელს უშლიდა მანევრირებაში. ამ დროს მანქანით მოახლოვდა აგრესიულად განწყობილი ორი მამაკაცი, რომლებმაც გაიყვანეს მანქანა. მღვდელმსახური შევიდა სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ შენობაში, ამ დროს ეზოში იყვნენ ახალგაზრდა დიაკვნები, რომლებმაც მოისმინეს, თუ მამაკაცი როგორ იგინებოდა სომხების მისამართით. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, მამაკაცი გამოვიდა მანქანიდან, ამოიღო ხელკეტი, გინების გაგრძელებით, აიღო ქვა და ცდილობდა დაერტყა სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელთათვის.
ამ ხმების გაგებაზე ეპარქიის თანამშრომლები გარეთ გავიდნენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ამ დროს მამაკაცმა ეპარქიის ერთ თანამშრომელს დაარტყა ზურგში. გაჩაღდა ხანმოკლე ჩხუბი.
აღნიშნული ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ზემოაღნიშნული მამაკაცი, დაახლოებით 50 ადამიანისაგან მობილიზებული მამაკაცთა ჯგუფით, რომელთაგან ზოგიერთი შეიარაღებულები იყო ცივი იარაღით, მიუახლოვდა ეკლესიას და დაიწყო ჩხუბი სასულიერო პირებსა და ეპარქიის თანამშრომლებთან, ამავე დროს აგინებდნენ სომხებს.
ამ დროს, ეკლესიაში ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა, ცერემონიის მონაწილეები ხმის გაგებაზე გავიდნენ ქუჩაში, რის შემდეგაც თავდამსხმელები მათაც დაესხნენ თავს. ნანახით შოკირებული ქალები და ბავშვები მიიმალნენ ეკლესიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარს თვალს ადევნებდნენ სოლიდურად ჩაცმულ პირთა ჯგუფი. თავდასხმის შედეგად, სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ერთ მღვდელმსახურს კი ჯვარი ჩამოწყვიტეს და თან წაიღეს", _ ნათქვამია განცხადებაში.
როდესაც ბატონ ლევონს ვთხოვეთ, ის სასულიერო პირი გვენახა, რომელსაც ხელი ჰკრეს, აგინეს და ჯვარი ჩამოგლიჯეს, გვითხრა: "ნახვა შეგიძლიათ. მაგრამ, არ მგონია გესაუბროთ, სასულიერო პირია, თან ცოტა სპეციფიკური პიროვნებაა."
"გურია ნიუსმა" მოახერხა სომხური ეკლესიის მსახურის, მამაო მანუკის ჩაწერა, რომელიც განცხადებაში მოყვანილ ფაქტს, ჯვარის ჩამოგლეჯასთან დაკავშირებით არ ადასტურებს.
"ჩხუბის მიზანი არ იყო ჯვარის ჩამოგლეჯა. ვერ ვიტყვი, რომ ჩამომგლიჯეს. ჯვარი ჩხუბის დროს დაიკარგა. შეიძლება ვიღაცამ, ვინმე ბომჟმა წაიღო. შეიძლება ძაფი გაწყდა და დავარდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ჩხუბის მერე ჯვარი აღარ არის."
სომხური "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიასთან მომხდარი ფაქტი, ტაძართან არსებულ ვიდეო კამერებზეა დაფიქსირებული, სადაც ნამდვილად ჩანს ეკლესიის ჭიშკართან ჩხუბი, თუმცა, ხმა არ ისმის.
შეგახსენებთ, რომ სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა ცემის ფაქტზე დაიწყო.
"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 125-ე მუხლით. რაც ცემას გულისხმობს. არც ეკლესიაში და არც ეკლესიის ეზოში არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. შელაპარაკება მოხდა მანქანის დაყენების გამო. ამ ფაქტს ძველი თბილისის ქალაქის სამმართველო იძიებს. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით",- განაცხადეს "გურია ნიუსს" შსს-ში.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადბასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" ორგანიზაცია "გლობალბრიჯის" ხელმძღვანელ გიორგი ელიბეგოვს ესაუბრა.
"იცით რა მინდა გითხრათ: ლევონ ისახანიანმა უკვე რამდენჯერმე სცადა ქართველებისა და სომხების დაპირისპირება. ლევონ ისახანიანის ცემა არ ნიშნავს, რომ ვინმემ სომხური ეკლესია შეურაცხყო. იგი არ არის სასულიერო პირი. უბრალოდ მუშაობს ეკლესიაში.
თუ ვინმემ ცემა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ეროვნებით სომეხ სასულიერო პირზე ხელი აღმართა. მისი სურვილია ევროპაში დევნილის სტატუსით წავიდეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იგი ასეთ განცხადებებს აკეთებს. გადახედეთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და თავად მიხვდებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი დღევანდელი განცხადებაც."