საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები წარადგინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი გახდება.
რაც შეეხება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას დღეს საღამოს თუ არა ხვალ დილით მაინც დაასახელებს, რადგან შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხოლო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გუშინ, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენიაზე – გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თუმცა, სოზარ სუბარი და ელგუჯა ხოკრიშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებად კვლავ რჩებიან.
სამთავრობო კარუსელში არ მოხვდნენ – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე (ვიცე-პრემიერი), ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
შეგახსნებთ, რომ უახლოეს დღეებში, საქართველოს პარლამენტი ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს დაიწყებს.