გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა, "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურად აკეთებს კომენტარს ჯოზეფ კეი:
"ნამდვილად არ ვაპირებდი 24 ივლისამდე რაიმე კომენტარის გაკეთებას და მითუმეტეს გიგი უგულავას ბელეტრისტიკაზე, თან ადამიანს როცა უჭირს ( და აშკარად უჭირს!) უნდა შეეშვა. მაგრამ არ ასვენებს გამჩენი! კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
მე კითხვებს დავსვამ და ვინმე პასუხს თუ გასცემს არ იქნება ურიგო:" _ აცხადებს ჯოზეფ კეი "გურია ნიუსთან" და გიგი უგულავას თხოვს პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1. საიდან აქვს გიგი უგულავას ინფორმაცია რა დაიწერა უზენაეს სასამართლოში და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს კუბლაშვილის უწყება?
2. როდის შემდეგ დაინტერესდა მეტალურგიის ტექნოლოგიით და გაერკვა რა არის წიდა?
3.რატომ გავს მისი განცხადება გაჭრილი ვაშლივით ინა გუდავაძის ადვოკატებისა და მენეჯერების განცხადებას?
4. როდის შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი მათთვის ანუ ნაციონალებისთვის ათასობით ადამიანი მნიშვნელოვანი? თან ის ადამიანები რომლებიც 2011 წლის 6 ივლისს სპეცრაზმით დააწიოკეს? თან მადლიერების გრძნობა გაუჩნდა მათ მიმართ 2012 წლის 1 ოქტომბერს იძულებით რომ მიაცემინეს ხმა ამ ხალხს ნაციონალებისთვის?
5. როგორ ბედავს წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი რაიმე გარიგებაზე საუბარს, როცა უპრეცედენტო გარიგება დადეს რუხაძე –გუდავაძის გუნდთან და შემდეგ ეს გარიგება გაასაიდუმლოეს?
"როგორც თქვენთვის, ისე ამ ხელისუფლებისთვის 400 მილიონი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანების სიცოცხლე, სამართლიანობა სამართალი და თუნდაც სასამართლო გადაწყვეტილება. დღისით, შუა ქალაქში, ორი ადამიანის სიცოცხლე მოსპეს, ოფისი ააფეთქეს და არავინ არაფერს აკეთებს _ ეს დახმარებაა?! სწორედ ამ ყბადაღებული წიდის გასხვისების აკრძალვის მიუხედავად, დღემდე ხდება მისი რეალიზაცია _ პროკურატურა დუმს! _ ეს ეტყობა "დახმარებაა!" 2011 წლიდან ჩემი პირადი ავტომანქანები ვერ გამომიყვანია ქარხნიდან – ესეც "დახმარებაა!" _ აცხადებს ჯოზეფ ქეი.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: "2011 წლის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია ერთს წავართვათ და მეორეს მივცეთო და ვისაც მისცეს ისააა თურმე დაზარალებული! ესეც "დახმარებაა"?! ბიუჯეტი 39 მილიონით დააზარალეს და დიდი ინვესტორები არიანო…
გავაგრძელო? არ ღირს! დახმარებას არავინ ითხოვს, სასურველია ყველა თავის საქმეს აკეთებდეს! უბრალოდ ქოთანს ყოველთვის არ მოებმება ყური იქედან, საიდანაც თქვენ გინდათ. ხალხი ბრმა არ არის და თუ მოისურვა ყველაფერს ადექვატურად შეაფასებს.
გარიგებები, შეთანხმებები აფიორები ეგ თქვენი ხელწერაა და ოდესმე სიმართლე გაირკვევა!"
გიგი უგულავამ საკუთარ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, სადაც ჯოზეფ კეი საერთაშორისო თაღლითად მოიხსენია:
გიგი უგულავა: "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს საქმეზე საქართველოს პროკურატურის მთავარი მოწმე არის საერთაშორისო თაღლითი ჯოზეფ კეი. მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ ხელისუფლება ჯოზეფ კეისთან შესულია გარიგებაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით.
ჯერ კიდევ პირველი ჩვენების მიცემისას, მაშინდელმა ფაქტობრივად მთავარმა პროკურორმა ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის სახელით შეპირდა, რომ დაეხმარებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავაში. სანაცვლოდ მოსთხოვა ჩემსა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა. ჯოზეფ კეიმ საეჭვო გარემოებებში მისცა ცრუ ჩვენება ჩემი და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რის შემდეგ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში გაიმარჯვა ოჯახის წინააღმდეგ დავაში. (დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეადარონ თარიღები და მოვლენათა ქრონოლოგია და ამაში დარწმუნდებიან).
ამის შემდეგ, ჩემი და კეზერაშვილის მიმართ წარმოებული საქმე გაიწელა, ხოლო შუალედში, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან ინა გუდავაძემ მიიღო დახმარების პირობა. (სანაცვლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა საქართველოში სიმდიდრით მეორე ადამიანის წინასაარჩევნო მხარდაჭერა და ტელეკომპანია "იმედის" ლოიალური დამოკიდებულება). ამის შემდეგ პატარკაციშვილების ოჯახი უზენაეს სასამართლოში იგებს ხსენებულ დავას, თუმცა მეტალურგიულის გარშემო დავა ამით არ ამოწურულა. ხსენებული საქმის გარდა საქართველოს სასამართლოებში კიდევ ორი პროცესია, რომელთაგან ერთ-ერთი შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ წიდას, რომლის გარეშე ქარხანა ფაქტიურად უფუნქციოა. ამ საქმეშიც დარჩენილია უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი წიდასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებამ კვლავ "გადააგდო" პატარკაციშვილების ოჯახი და ჯოზეფ კეი დღეს ან ხვალ გაიმარჯვებს ხსენებულ საქმეში. (თუ ეს გადაწყვეტილება დღეს უკვე არ გამოიტანა სასამართლომ) ხელისუფლება იმდენად დაბრმავებულია შურისძიებით, არად აგდებს ქარხნის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ გადაწყვეტილებით ქარხანა ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას და უამრავი ადამიანი უსამსახუროდ დარჩება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ამ აფიორაში ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის სასამართლო. ამ თემასთან დაკავშირებულ დეტალებზე ვაპირებ ვისაუბრო ხუთშაბათს სასამართლო პროცესზე, რათა ფარდა აეხადოს ამ ფარსს." _ აცხადებს უგულავა.