27 ივლისის სტიქიის გამო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, 15 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, გზა პრაქტიკულად წაღებულია:
_ ძველ პარამეტრებში გზის აღდგენა შეუძლებელია. კომისიამ უკვე აღწერა და 300 მეტრი გზა ახლიდან არის გასაკეთებელი, _ გვითხრა კუჭავამ.
გამგებელს არა აქვს პასუხი კითხვაზე როდის მოხდება ახალი გზის გაყვანა.
_ ამ წუთებში ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი. სამსახურები 24 საათიან რეჟმში მუშაობენ, რომ პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, _ დასძინა კუჭავამ.
სტიქიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც დააზიანა. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სოფელ ნაბეღლავს, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა გზები, მილხიდები და შენობა-ნაგებობები დააზიანა.
ამ დრომდე გაჩერებულია "ნაბეღლავის" ქარხანა, სადაც მისასვლელი გზა არ არსებობს.