ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები იწყება.
საკრებულოს დეპუტატი, დათო მჟავანაძე, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით დარჩიას სიტყვით გამოსვლას ითხოვს.
"საინტერესოა თქვენი გამოსვლა და გვაქვს კითხვები. იქნებ გააკეთოთ თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით განცხადება", _ უთხრა დარჩიას მჟავანაძემ.
" სამი წელი მოგიწევს დარჩიას მოსმენა. ჩავატაროთ ეს არჩევნები და შემდეგ გააკეთებს კომენტარს“, _ უთხრა "ქართული ოცნების
ერთ-ერთმა დეპუტატმა, დავით მჟავანაძეს.
დავით დარჩიას თქმით, ის კომენტარს არჩევნების შემდეგ გააკეთებს.
სანამ ეს დიალოგი გაიმართებოდა, მანამ სიტყვით გამოვიდა დეპუტატი დიმიტრი კვერღელიძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატია.
"ერთხელად და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უსამართლობა. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს ოზურგეთი და ოზურგეთელები. ყველას მოეცემა ახლანდელ საკრებულოში აზრის გამოთქმის უფლება, რაც წინა საკრებულოს დროს არ იყო. ყველას ვთხოვ, რომ ვიაქტიუროთ და საქმე ერთად გავაკეთოთ“, _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
მესამე მოწვევის დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ, ბრეჟნევის მმართველობას შეადარა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა.
"მხოლოდ ერთი კანდიდატურა დასახელდა, რაც მახსენებს ბრეჟნევის მმართველობას. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი“, _ თქვა ლელა ნაცვალაძემ.