ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში, ასევე, თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში, საკადრო პოლიტიკის განხორციელების დრო დადგა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიაში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბოლო მოწვევის საკრებულოს აპარატის უფროსი, პაატა ბურჭულაძე ინიშნება.
პაატა ბურჭულაძე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო მამეშვილის მიერ დანიშნული კადრი იყო, მისი მეგობარი და მარჯვენა ხელი. ალეკო მამეშვილი კი, თავის მხრივ, რამაზ ნიკოლაიშვილისა და ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, ლელა თავართქილაძის კადრად მოიაზრებოდა.
საზოგადოება უკვე საუბრობს ახალი კადრების შესახებ.
საინტერესოა, რა კრიტერიუმების შეფასებით ხდება ახალი კადრების დანიშვნა და ვინ არის პაატა ბურჭულაძე?
"გურია ნიუსი", ბოლო თვეების მანძილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული აუქციონების შესახებ აქტიურად წერდა.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, გამგეობამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 ავტომანქანა "ნივა" გაიტანა აუქციონზე გასაყიდად.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი "ნივა" სწორედ პაატა ბურჭულაძემ შეიძინა მიზერულ ფასად. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას დაადასტურა ბურჭულაძემ, თუმცა დასძინა, რომ "ნივა", მისმა სიმამრმა შეიძინა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, ერთი “ნივა“ სახანძრო სამსახურის უფროსმა, ვარდენ რუსიეშვილმა შეიძინა სხვისი სახელითა და გვარით. რომელიც სახანძრო სამსახურის უფროსად დაინიშნა ქალაქის მერიაში.
წყაროსავე ცნობით, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს აპარატის უფროსად პაატა ბურჭულაძის უახლოესი მეგობარი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი, ზაზა შოშიტაიშვილი ინიშნება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს პრესსამსახურის უფროსი, ნანა თავდუმაძე გახდება.
ნანა თავდუმაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი კვერღელიძის უახლოესი მეგობარი და თანაკლასელია. როგორც ამბობენ, სწორედ ამ უკანასკნელის პროტექციით დაინიშნება თავდუმაძე საკრებულოში აპარატის უფროსად.
ნანა თავდუმაძე წლების განმავლობაში ჯერ ჟურნალისტად, შემდეგ კი ორი მოწვევის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აღნიშნულ პირებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ოფიციალური ბრძანება მათი დანიშვნის შესახებ ჯერ არ დაწერილა და მათივე თქმით, მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ დაადასტურებენ, დაინიშნენ თუ არა შესაბამის თანამდებობებზე.
პაატა ბურჭულაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას, არ ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში.
ფოტოზე: ლელა თავართქილაძე, პაატა ბურჭულაძე და ნანა თავდუმაძე.