ამ წუთებში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა – ამბასადორიალი მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქართველ ელჩებს შეხვდა და იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა.
"იუსტიციის სამინისტროს ძალიან ბევრი რამე აქვს ელჩებისთვის სათქმელი, რადგან ბოლო 12 თვის განმავლობაში, მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღა – მოსამართლეთა შეფასების სისტემა შემუშავებულია. ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, რაც მიზნად ისახავს ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებას, მაგრამ, მართლმსაჯულების რეფორმა არ არის მხოლოდ ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო აკეთებს.
ჩვენ, სხვა სამინისტროებთან ერთად, ანტიკორუფციული, ანტინარკოტიკული პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო ვართ. სწორედ ამის შესახებ იყო დღეს საუბარი."
მისივე თქმით, საქართველო იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია 10 დღეა ტირანაში იმყოფება, სადაც წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს.
"ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციაში, საქართველო, 64 ქვეყნიდან, იმ 8 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც მმართველ კომიტეტს წარმოადგენენ.
ალბანეთში იუსტიციის სახლისა და იუსტიციის სამინისტროს რეფორმების გატანა უკვე დაიწყო.
არის 4 ქვეყანა, რომელიც ჩვენი რეფორმების ექსპორტს აპირებს და ამ საკითხებზე შედგა ელჩებთან დისკუსია", _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.