საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც პარტიებს მოუწოდებს, არ მოახდინონ თემის პოლიტიზირება.
"საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, საყდრისში, უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად დაიწყოდა დღესაც მიმდინარეობს კარვების აქცია. მედიის და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესისა და ჩართულობის გამო, საყდრისის ირგვლივ პროცესები, აქციის დაწყების შემდგომ, სასიკეთოდ წარიმართა.
ამ პროცესებში კომიტეტი,პირველ რიგში, განსაკუთრებული მადლიერებით უსვამს ხაზს მას-მედიის წარმომადგენლების წვლილსა და ძალისხმევას, რომლებიც თითქმის 24 საათიანი რეჟიმის ფარგლებში აშუქებდნენ საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რაღა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ასევე იმ მეცნიერებს, რომელთაც იკვლიეს და მეცნიერულად, დოკუმენტალურად, პროფესიონალურ დონეზე, დაასაბუთეს საყდრისის უძველესი მაღაროს უნიკალური მნიშვნელობა, რომლის თაობაზეც ინფორმირებულია ასევე საერთაშირისო სამეცნიერო კორპუსი და აკადემიური წრეები.
კარვების აქციის პარალელურად მხარდაჭერას გამოთქვამდნენ მეცნიერები, – არქეოლოგები, გეოლოგები, მეტალურგები, კულტუროლოგები, ისტორიკოსები და სხვა. ამავე პერიოდში მოხდა ასევე საყდრისი პრობლემის გაცნობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. თბილისში, გაეროს ოფისში მოეწყო საკითხის განხილვა, რომელსაც ყველა ელჩი ესწრებოდა. სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები და დიპლომატები სტუმრობდნენ ასევე კარვების აქციას საყდრისში და მიმდინარე ინფორმაციებს თავად აქციის მონაწილეებისგან იღებდნენ.
პროცესების სასიკეთოდ დაძვრაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ემიგრანტებმა, რომელთაც ათასობით ხელმოწერა და თხოვნის წერილი გამოაგზავნეს საქართველოში, რომ საყდრისი გადარჩენილიყო და მომხდარიყო მისი აღიარება.
გადამწყვეტი როლი შეასრულეს ასევე ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, რომელთაც მნიშვნელოვანიწვლილი შეიტანეს საყდრისის პრობლემის გახმაურებაში. ახალგაზრდებმა სუფთა, გულწრფელი ძალის მონაწილეობით,საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში, საზოგადოების სანდოობა კიდევ უფრო გაზარდეს.
კომიტეტი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს უწმინდესისადმი და სასულიერო პირებისადმი, რომელთაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს საყდრისის გადარჩენის იდეას.ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც საყდრისსგვერდში უდგას და მონაწილეობას იღებს კარვების აქციაში როგორც ფიზიკურად, – ისე ფინანსურად.
სწორედ, ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით, დაკომპლექტდა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, რომ არა ისინი საკითხი სასიკეთოდ ვერ დაიძვრებოდა. კომიტეტი დღემდე ცდილობს, რომ საყდრისის პრობლემა ქართული საზოგადოების, ჩვენი წინაპრების, წარსულისა და მომავალი თაობის წინაშე, მაქსიმალური პასუხისმგებლობით, სასიკეთოდ იყოს გადაწყვეტილი.კომიტეტი დიდ მადლობას უხდის ადგილობრივ მოსახლეობას, – დმანისის, დიდი დმანისის, კაზრეთის, ბალიჭის და საერთოდ ბოლნისის მცხოვრებთ. მათი მხრიდან ხდებოდა აქციის მონაწილეთათვის ყურადღების მიქცევა, საკვების, უსაფრთხოების საკითხებისადმი.
ასევე, თავად საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივით შეხვედრა მოხდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, გავაცანით საყდრისის პრობლემა და ვთხოვეთ მათი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ეაქტიურათ.
რიგმა პოლიტიკური პარტიებისა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და მოხარული ვართ, რომ თემისადმი რეზონანსი მათი ჩართულობით კიდევ უფრო გაიზარდა. აქვე, გვინდა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის სახელით, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდოთ, რომ საყდრისის პრობლემას მიუდგნენ მაღალი ზნეობრივი სტანდარტებით და არ მოხდეს თემის პოლიტიზირება, არ ჰქონდეს პოლიტიკურ სპეკულაციებს ადგილი ისე, რომ საყდრისი დაზარალდეს. ჩვენ, ხაზს ვუსვამთ, რომ მოხარული ვიქნებით შევხვდეთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და საყდრისის გულშემატკივარს, ვესაუბროთ, აზრები გავცვალოთ და რიგ შემთხვევაში ერთობლივი ღონისძიებებიც გავმართოთ. თუმცა, აუცილებლად მიგვაჩნია გაიმიჯნოს პოლიტიკური პარტიების აქტიურობა და კომიტეტის აქტიურობა.
ამიტომ, საყდრისში,სურვილის შემთხვევაში, უპრიანი იქნება ცალკე მოხდეს ბანაკის ორგანიზება, თუნდაც პარტიული სიმბოლიკებით და თემა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს წამოწეული. როგორც მოგეხსენებათ, საყდრისის გადარჩენის კომიტეტი წარმოადგენს საზოგადოებრივ, აპოლიტიკურ ორგანიზაციას და მკაცრად ემიჯნება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას, ან მათთან ასოცირებას.
ვფიქრობთ, რომ ძალთა ერთობა ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქმიანობების აღრევა.
აქვე, გვინდა დავძინოთ და საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ ამ ეტაპისთვის პროცესები სასიკეთოდ არის დაძრული. უკვე ყველამ აღიარა, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურად მოწვეულმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმაც, რომ საყდრისი არის ქრისტეს შობამდე მესამე ათასწლეულის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო. კომიტეტის აქტიურობა და ამ ეტაპისთვის მიღწეული, შედეგები ნამდვილად არის ქვეყანაში ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლების სამაგალითო და პრეცედენტული ფაქტი, რომელი ფაქტიც მთელი საზოგადოების და ყველა ინსტიტუციისთვის საამაყო და მოსაფრთხილებელია.
საყდრისის ოქროს უძველესი მაღარო ადასტურებს, რომ პრეისტორიულ ხანაში ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ოქროს სამთო წესით მოპოვების მეთოდიკა, წარმოების პროცესი, საქმიანი ცხოვრება და კულტურა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საამაყოა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სწორედ მსგავსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებაც გვაქვს აღებული.საყდრისი დღევანდელი ქართველის უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეა, რომელიც ჩვენი თვითმყოფადობისთვის, როგორც საზოგადოებრივი,- ისე პოლიტიკური ასპარეზის ფარგლებში უდიდეს მნიშვნელობას შეასრულებს, თუ ჩვენი წინაპრების ეს პრეისტორიული სიმდიდრე გონივრულად იქნება გამოყენებული.
გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ უახლოეს დღეებში საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გეგმავს მეცნიერებთან ერთად შეხვდეს კულტურის ახალ მინისტრს, გააცნოს და მიაწოდოს ყველა დეტალი და დამოკიდებულება საყდრისთან დაკავშირებით", _ ნათქვამია მიმართვაში.