კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით ჩატარდა საჭიროებათა კვლევა პროექტის ფარგლებში: „სამოქალაქო აქტორების შესაძლებლობების განვითარება დაბალი სამოქალაქო აქტივობის მქონე მუნიციპალიტეტებში – გახდი აქტიური მოქალაქე“. ღია კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ადგილობრივი ორგანიზაციები, კერძოდ სამტრედია – სამოქალაქო საზოგადოება მდგრადი განვითარებისთვის; მარტვილი – სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და კვლევების ცენტრი, ყაზბეგი – სტეფანწმინდა და დმანისი – ფერმერთა გაერთიანება ლორე. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამტრედიის, მარტვილის, ყაზბეგისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში ჩაატარეს საჭიროებათა კვლევა, რაც გულისხმობდა გამოკითხვის მეთოდს, ფოკუს-ჯგუფებსა და ინტერვიუებს.
ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადდა კვლევის ანგარიში, სადაც მუნიციპალიტეტების მიხედვით წარმოჩენილია ადგილობრივი პრობლემები. პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპზე კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი გეგმავს აქტიურ ლობირება/ადვოკატირების კამპანიას გამოვლენილი პრიორიტეტების მხარდასაჭერად, რათა ისინი ასახულ იქნეს მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU). თანადაფინანსება – ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო" (OSGF).