"ამნისტიის შემდეგ ბევრი უდანაშაულო პატიმარი ისევ ციხეში დარჩა. ბევრი უდანაშაულოა, ბევრი არასწორი მუხლით ზის და ბევრიც არასწორი განაჩენით იხდის სასჯელს. და ამის გამოა რომ მართალია ერთი მეოთხედით შეუმსუბუქდათ სასჯელი, მაგრამ ამას დიდი შედეგი არ ქონია.
მაგალითად მე, ამნისტიისა და შეკრებითობის კანონით მომაკლდა 7 წელი და 6 თვე. სამი წელია ვიხდი სასჯელს და კიდევ 5 წელი დამრჩა. სასჯელს ვიხდი თაღლითობისათვის, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ დაზარალებულებს არ ვიცნობ და არც თვითონ მიცნობენ. სარჩელი გამოტანილი აქვთ სასამართლოდან, მაგრამ მე მაინც ციხეში ვარ.
ძნელია როდესაც პატიმარი უსამართლოდ ზის და ელოდება როდის აღდგება სამართლიანობა. იცი რომ გადაიხედება საქმეები და სამართალი აღდგება და დაუბრუნდება ოჯახს. მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ როგორც კი დამთავრდა თვითმმართველობისა და მერის არჩევნები, ზუსტად მეორე დღეს გამოვიდა იუსტიციის მინისტრი და გამოაცხადა საქმეები არ გადაიხედებაო. მიზეზად კი უსახსრობა დაასახელა. მინდა ვუთხრა ქალბატონ თეას, რომ ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა და არც თქვენი დაპირებული დემოკრატია, რომლითაც ასე ამაყობთ. ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენს უფლებებსაც უნდა იცავდეთ. მითუმეტეს რომ კარგად იცით რა ტანჯვა-წამება გვაქვს გამოვლილი.
იმედი გვქონდა რომ შეწყალებით მაინც გაგვიშვებდნენ, რადგან საქმეების გადახედვას აღარ აპირებენ. მაგრამ მოხდა ისე რომ ისევ ამ ხელისუფლების დროს დაჭერილ პატიმრებს იწყალებენ რამდენიმე თვე რომ აქვთ გატარებული ციხეში და სამი ან ოთხი თვე რომ აქვთ დარჩენილი.
რა თქმა უნდა, მათაც ვუცხადებ სოლიდარობას. ისინიც უნდა გაუშვან, მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ, ვისაც რეპრესირებულებს და უკანონო პატიმრებს გვიწოდებთ. მაგალითად ჩემს საქმეში სსკს 180-ე მუხლით გასამართლებული ვიყავით 7 ადამიანი. 5 პატიმარს შეეხო შეწყალება. ერთმა მოასწრო საზღვრის დატოვება და მხოლოდ ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში და მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორ ფიქრობთ რას განვიცდი? რა გავაკეთო? შეწყალების კომისიაშიც კი ვერ ხვდება ჩემი საქმე, კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ რადგან სასჯელის ნახევარიც არ მაქვს მოხდილი. აღარაფერი დამრჩა… და მივმართე პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილს. ჩემთან ერთად კიდევ ერთი პატიმარი შიმშილობდა – გიორგი ნიკოლაშვილი. მასაც უსამართლოდ მოექცნენ. 8 დღე ვშიმშილობდით, მაგრამ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა დააფიქსირა ჩვენი მოთხოვნა. სხვებს თავიც კი არ შეუწუხებიათ მოსვლით. ამიტომ დაგვრჩა ერთადერთი გზა – მოგმართოთ თქვენ – საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამოიჩინოთ ჩვენდამი ყურადღება და გვიხსნათ ამ უსამართლობისაგან." _ ამ შინაარსის წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ს.ა.დ. #12 დაწესებულების მსჯავრდებული ვიქტორ გელაშვილი.
პატიმრების შიმშილობის შესახებ "გურია ნიუსმა" ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა, მოშიმშილეებს მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და ისიც რამდენიმე დღის შემდეგ. რაც შეეხება მათ მოთხოვნას, რომ შეხვედროდნენ პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს, უშედეგოდ დასრულდა.
"გურია ნიუსი" ვიქტორ გელაშვილის საქმით დაინტერესდა…
2011 წლის 15 ნოემბერი _ შსს-ს ოფიციალური ვერსია
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ უკანონოდ მიწების მითვისება" _ ამ შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: ვიქტორ გელაშვილი, ვლადიმერ მიქაშვილი, ალექსი ტაბახმელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლევან გულედანი. ლევან გულედანი თანამზრახველებთან ერთად, ყალბი ბეჭდების გამოყენებით აყალბებდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებს, რის საფუძველზეც სოფელ დიღმის და დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს საჯარო რეესტრში სხვადასხვა პირებზე არეგისტრირებდა და თაღლითურად ითვისებდა. მითითებული მიწის ნაკვეთების გაყიდვისა და იპოთეკით დატვირთვის შედეგად მიღებულ თანხებს აღნიშნული ჯგუფის წევრები ინაწილებდნენ. მთლიანობაში ამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითური გზით უკანონოდ მითვისებული იქნა ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი 25 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამში ორნახევარი ჰექტარი. დაკავებული პირები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია. მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ითვალისწინებს შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას." _ ნათქვამი იყო ოფიციალურ განცხადებაში.
"პატიმარი ვიქტორ გელაშვილი კი ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებულ ფაქტებზე საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, კუდის ყოფილი უფროსის სოსო თოფურიძის მიერ იყო დაგეგმილი.
2007-2008 წლებში დაკავებული ვიყავი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით და მინდა ვთქვა, რომ ეს წლები გამოსწორდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა. შევიძინე რამდენიმე ავტომანქანა. ერთი ძვირადღირებული X-5 -ის ჯიპიც. ალბათ ამ ყველაფერმა ძალიან გამოააშკარავა ჩემი ფინანსური მდგომარეობა და ყურადღება მიიქცია კუდის მაღალჩინოსნების. მათ დაიწყეს ჩემზე მუშაობა. 2008 წლის 24 ოქტომბერს მომადგნენ ჩემი მეუღლის სახლში, სოფელ დიღომში. ჩამაგდეს მანქანაში 8 თვის ფეხმძიმე მეუღლის თვალწინ და გამაქანეს მოდულის შენობაში, სადაც 24 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა ჩემზე, რომ მე გავაკეთე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ვიღაცის, რომლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი იყო გაყალბებული და მე ეს ვიცოდი და მაინც გავუკეთე რეგისტრაცია. გამიყვანეს თანამონაწილედ და მომისაჯეს 21 წელი და 9 თვე. რა თქმა უნდა, მე ამას არ დავეთანხმე და არ ვაღიარე დანაშაული.
ჩემი დაკავებიდან ერთ თვეში შემეძინა მესამე შვილი ბიჭი, უფროსი შვილები გოგოები მყავს და შემომითვალეს, თუ გინდა შენი ნანატრი ბიჭი შენთან ერთად გაიზარდოს, აღიარე და გაგიშვებთო. ვიცოდი, ამათთან ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა და ვაღიარე დანაშაული. აღიარების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ერთი წელი რეალური და 3 წელი პირობითი დამიტოვა. სოლიდური თანხა გადავიხადე და ერთი წლის შემდეგ დავტოვე გლდანის მე-8 საპყრობილე. დავიწყე ჩვეულებრივი ცხოვრება, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა…"
ვიქტორ გელაშვილის იხსენებს, რომ 2011 წელს მას სიძის ძმამ შემთხვევით სუფრაზე გააცნო თავისი ნაცნობი. ეს ადამიანი აღმოჩნდა კუდის მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის თანაშემწე ბუდუ ლომჯარია, რომელთანაც ჰქონდა საუბარი იმის შესახებ, თუ რას საქმიანობდა დაკავებამდე და როგორ მოექცნენ კუდის თანამშრომლები.
ვიქტორ გელაშვილი: "ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი ბუდუ ლომჯარიას ჩემი სიძის ოჯახში. ერთხელაც მან მითხრა, ვიცი შენი შესაძლებლობები, რაც შეგიძლიაო და მომიყვა, რომ პრობლემები ჰქონდა, ბინა ბანკში ჩადო და თუ ვასწავლიდი როგორ შეიძლებოდა სახელმწიფო მიწების რეგისტრაცია და ამ გზით მიღებულ სარგებელს გავიყოფდით, მფარველი თვითონ იქნებოდა… ამაზე მან უარი მიიღო ჩემგან.
გავიდა რამდენიმე დღე და ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა შეფი საქმის კურსშია და მწვანე შუქი აგვინთო და ნუ გეშინია, ვერავინ შეგვეხებაო. მე ისევ უარით გავისტუმრე და ვუთხარი ამ საქმიდან არაფერი გამოვა მეთქი. ცოტა არ იყოს, მეც შევშინდი და მეორე დღესვე წავედი თბილისიდან რაიონში, რადგან ვიცოდი რა ხალხი იყო და რისი გამკეთებლები იყვნენ. ყოველდღე მირეკავდნენ, მაგრამ ზარებს არ ვპასუხობდი. მესამე დღეს ისევ მომაკითხეს და მითხრეს, ბიჭო შეფი გაბრაზებულია შენზე და ჯობია, წამოხვიდე, დაელაპარაკოო. მინდა გითხრათ, რომ მათი შეფი სოსო თოფურიძე იყო. მეორე დღეს დამირეკა ტელეფონმა და ვუპასუხე. მაშინ მივხვდი, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა, რადგან თვითონ სოსო თოფურიძემ დარეკა. მითხრა ხვალ ამა და ამ ადგილზე მოხვალ და თან ჩემს ნაცნობ ლევან გულედანსაც მოიყვანო…"
როგორც ვიქტორ გელაშვილი ყვება, მეორე დღეს, დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას მივიდა. დანიშნულ ადგილზე სოსო თოფურიძე რამდენიმე თანმხლებთან ერთად დახვდა მას და ლევან გულედანს.
ვიქტორ გელაშვილი: "კარგად გამომლანძღა და მითხრა, რასაც ბუდუ ლომჯარია მეტყოდა, იმას გავაკეთებდი, თუ არადა, დამიჭერდა, მითუმეტეს, რომ პირობითის ქვეშ ვიყავი და ვერსად წავიდოდი. მართლაც, მალევე მიქირავეს ბინა დიდ დიღომში და დავიწყეთ მუშაობა. ვასწავლე, თუ როგორ უნდა დაერეგისტრირებინათ სახელმწიფო მიწები. სამი თვის განმავლობაში მათ უკვე 2 მილიონის ქონება დააგროვეს, ზოგს ყიდდნენ, ზოგს იპოთეკით ტვირთავდნენ. ამ ყველაფერს ბუდუ ლომჯარიას ახლობლებზე _ ბიძაზე, პაპაზე და ბიაშვილებზე აფორმებდნენ.
როგორც გაირკვა, ბუდუ ლომჯარიამ თავისი შეფის სოსო თოფურიძის ჩუმად რამდენიმე მიწა დაარეგისტრირა, რაც სოსო თოფურიძეს არ გამოპარვია და გადაწყვიტა მისი დასჯა, მაგრამ არამარტო ბუდუსი, არამედ ყველასი, ვინც ამ საქმეში გამოგვიყენა და და ვინც კი ახლოს გაიარა მის გვერდით. დაგვაკავეს შვიდი კაცი: ბუდუ ლომჯარია, მისი ბიძა, დავით წერეთელი. ალექსი ტაბახმელაშვილი, ვლადიმერ მიქაშვილი, ლევან გულედანი, მე და ჩემი მეგობარი ბადრი ჯანიაშვილი, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ იყო ამ საქმეში.
ბადრი სპორტსმენია, მოჭიდავე, მსოფლიოს რამდენიმე გზის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყო ჭიდაობა სამბოში. მას ხელფასს უხდიდა ბიძინა ივანიშვილი როგორც მსოფლიო ჩემპიონს და ის ქართული ოცნების მომხრე და მხარდამჭერი იყო. ეს არ გამორჩენია მხედველობიდან გენერალურ ინსპექციას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი და ბადრი ჯანიაშვილის დაჭერაში. მინდა ისიც გითხრათ, რომ ბადრი ჯანიაშვილის დაკავებამდე ერთი თვით ადრე პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ხოლო რომ გაიგო ქართული ოცნების მომხრე იყო და განსხვავებული აზრი ჰქონდა, 6 წლით თავისუფლება აღუკვეთა. სწორედ ბადრის მამის პანაშვიდზე მივდიოდით მეგობრები, კასპში სამი მანქანით გადამიკეტეს გზა გენინსპექციის თანამშრომლებმა და როგორც ტერორისტი, ისე ამიყვანეს დიდ დიღომში ამდენი ხალხის დასანახად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. როდესაც მოვითხოვე დაკავშირებოდნენ სოსო თოფურიძეს და ჩაეყენებინათ საქმის კურსში, მათ მითხრეს, რომ თუ კიდევ ვახსენებდი თოფურიძეს, კარგი დღე არ დამადგებოდა და როგორც კი გლდანის ციხეში გადამიყვანდნენ, ჯოჯოხეთური ცხოვრება არ ამცდებოდა. მართლაც მომიტანეს ვითომცდა ჩემი ჩვენება და მხოლოდ იმას ვაწერდი ბოლოში, რომ ნაკარნახებია ჩემს მიერ , სწორი იყო და ვაწერდი ხელს.
ასე მომისაჯეს 15 წელი, ხოლო ბუდუ ლომჯარია და მისი ბიძა შეწყალებით ამიტომ, ძალიან ვთხოვ პროკურატურას დაინტერესდნენ ჩვენი საქმით და გამოიძიონ თავიდან ბოლომდე…"