ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს ფოტოს შემდეგი კომენტარით:
"დღეს წამლის შესაძენად აფთიაქში მივედი. პრეპარატი, რომელიც მესაჭიროებოდა, ურეცეპტოდ არ მომცეს, პოლიკლინიკის ექიმს მიაკითხე, გამოგიწეროსო.
მივედი ჩემს პოლიკლინიკაში, მითხრეს – აღრიცხვაზე უნდა დადგეო. ვიკითხე, თუ რა იყო ამისათვის საჭირო, მიპასუხეს – აუცილებელია "თანხმობის ბარათის" შევსება, მაგრამ ეს "თანხმობის ბარათი" არ გვაქვს, ჯანდაცვამ არ მოგვაწოდა და რამდენიმე დღე არც მოგვაწვდიანო!
გამოსავალი სად არის-მეთქი რომ ვიკითხე, მიპასუხეს – გადაიხადეთ ფული სალაროში და მიბრძანდით თერაპევტთან, "თანხმობის ბარათის" გარეშე საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ვერ ისარგებლებთ და უფასო მომსახურებას ვერ მიიღებთო!
რეგისტრატორებს კატეგორიულად მოვთხოვე პასუხი, რომელიც მე მომცეს, გადაეტანათ ქაღალდზე და დაემოწმებინათ ბეჭდით! კი ბატონო-ო, უარი არ უთქვამთ – გახიეს ფურცელი, დაწერეს პასტით და დაარტყეს ბეჭედი!( "დოკუმენტს" რეგისტრაციის უფროსმა მოაწერა ხელი!)", _ წერს ზაქარეიშვილი.
თუმცა, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ხომერიკი „გურია ნიუსთან“ განმარტავს, ზოგადად აღნიშნული პრობლემა მწვავედ არ დგას. თანაც, მისივე თქმით, თანხმობის ბარათის გაცემის პროცედურა საკმაოდ მარტივია და ის რამდენიმე დღეს არ საჭიროებს.
"პოლიკლინიკებს თანხმობის ბარათები ყოველდღიურად მიეწოდებათ. ამისთვის საჭიროა, რომ მოგვმართონ.
რეალურად ეს პრობლემა არ არის, საკითხი არ დგას მწვავედ, რადგან პოლიკლინიკები ყოველდღიურად მოგვმართავენ და ყოველდღიურად გაიცემა აღნიშნული ფორმები.
ზოგადად, მომართვიანობა საკმაოდ გაიზარდა, რაც გარკვეულწილად ზოგიერთი მედიკამენტების რეცეპტით გაცემის გამოცაა გამოწვეული. ასევე, გარკვეულ როლს თამაშობს შემდეგი ფაქტორიც – რეგიონების ბენეფიციარები გადმოდიან თბილისში.
თანხმობის ბარათები გაიცემა პოლიკლინიკებში დაფიქსირებული ბენეფიციართა რაოდენობის პროპორციულად.
დაბრკოლება არ აქვთ, უბრალოდ გაიცემა დაფიქსირებული ბენეფიციარების რაოდენობის პროპორციულად. მეტი არაფერი", _ ამბობს ხომერიკი.