რამდენიმე საათის წინ, გერმანული საფეხბურთო კლუბი "შალკეს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ ლევან ყენიასა და ლევან კობიაშვილის ყოფილი გუნდის მთავარ მწვრთნელად იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი რობერტო დი მატეო დაინიშნა.
44 წლის იტალიელმა მწვრთნელმა თანამდებობაზე იენს კელერი შეცვალა.
კელერის ხელმძღვანელობით "შალკემ" ბუნდესლიგის მიმდინარე პირველობა უიღბლოდ დაიწყო. ჩატარებული შვიდი შეხვედრის შემდეგ გუნდის აქტივში მხოლოდ შვიდი ქულაა. გერმანიის პირველობის სატურნირო ცხრილში გელზენკირჰენული გუნდი მხოლოდ მეთერთმეტე პოზიციაზე იმყოფება.
წინა კვირას "შალკემ" მუდმივი "მოწინააღმდეგე", დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა. ამ წარმატების მიუხედავად კელერმა თანამდებობა მაინც ვერ შეინარჩუნა.
ფეხბურთის თაყვანისმცემლებისთვის რობერტო დი მატეოს სახელი კარგად არის ცნობილი.
"შალკეს" ახალი თავკაცი 1994-1998 წლებში იტალიის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა. "სკუადრა აძურას" მაისურით 34 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ ანგარიშზე ორი გოლი მიითვალა.
1996-2002 წლებში დი მატეო ლონდონის "ჩელსიში" ასპარეზობდა, 2011-2012 წლებში კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოგვევლინა.
ალბათ გახსოვთ ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი ფინალური ორთაბრძოლა, როდესაც მიუნჰენში, დი მატეოს "ჩელსიმ" ადგილობრივი "ბაიერნი" დაამარცხა.
ბრიტანული კლუბის მფლობელმა, რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა იტალიელ ფეხბურთის სპეციალისტს ღვაწლი არ დაუფასა და 2012 წლის დასასრულს თანამდებობიდან გაათავისუფლა.