ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 3–დან 10 ოქტომბრამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის დეპუტატების განცხადებებს ეხებოდა.
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, პარლამენტის ვიცე–სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებას ეხებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 სექტემბერს გაკეთებული განცხადების შეფასებისას დეპუტატმა განმარტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ნებისმიერი სხვა პარტნიორისგან კეთდება მნიშვნელოვანია. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია და ფრაზა "პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა", რომელსაც მიმართვაში ვხვდებით, მხოლოდ იმიტომ არის გამოყენებული, რომ იგი პოლიტიკოსს, კერძოდ მიხეილ სააკაშვილს ეხება.
ფაქტ–მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და კვლევის შედეგად გაარკვია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ცალსახად და არაორაზროვნად არის გამოთქმული შეშფოთება იმ რისკების გამო, რომელიც პოლიტიზებულმა სამართლებრივმა დევნამ (politicized prosecution) შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნას. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მსგავს ტერმინს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმ შემთხვევებში იყენებს, როდესაც ის ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საუბრობს, იმისდა მიუხედავად, საქმე პოლიტიკოსს თუ ნებისმიერ სხვა პირს ეხება.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ მანანა კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი გაბაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. დეპუტატის თქმით, "სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, არათუ შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, არამედ ის ვინც დასაქმებულია, იმათი ხელფასები შემცირდა 20 პროცენტით".
ფაქტ–მეტრთან განცხადების დაზუსტებისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი ბიზნეს სექტორში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს გულისხმობდა. ამ სექტორის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2013 წელს და 2014 წლის პირველ ორ კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების კლება არ შეინიშნება. ბიზნეს სექტორში გაზრდილია, როგორც მთლიანად დასაქმებულების, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვიც.
ხელფასების კლებაზე საუბრისას, გიორგი გაბაშვილმა კვარტალურ მონაცემთა შედარების არასწორი მეთოდი გამოიყენა და 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემი მის წინა, 2013 წლის მეოთხე კვარტალს შეადარა. დეპუტატმა მთავარი შეცდომა სწორედ ამ დროს დაუშვა, რადგან მსგავსი შედარება არამართებულია და რეალობას ვერ ასახავს. ობიექტური სურათის მისაღებად ამა თუ იმ კვარტლის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ კვარტალს უნდა შედარდეს.
საქსტატის მიერ კვარტლების შედარების რეკომენდირებული მეთოდის მიხედვით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის კლება არ შეიმჩნევა. უფრო მეტიც, საშუალო ხელფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
ამ მონაცემების გათვალისწინებით ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ გიორგი გაბაშვილის ეს განცხადება ტყუილია.
გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა პრემიერის განცხადებებიც გადაამოწმა, რომელთაგან ერთ–ერთი სიღარიბის დონის შემცირებას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "არსებითად შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია".
როცა პრემიერ-მინისტრი სიღარიბის პრაქტიკულად განახევრებაზე მიუთითებდა, ის ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს 2014 წლის ეროვნულ ანგარიშს ეყრდნობოდა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, სიღარიბის მაჩვენებელი 2006-2012 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობითაა განხილული.
ბოლო, 2012 წლის მონაცემებით, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 14.8%-ია, ხოლო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა კი – 3.7%.
ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნულ ანგარიშში 2012 წლის სიღარიბის მაჩვენებლები 2010 წლის მონაცემებთან არის შედარებული. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ბოლო წლების განმავლობაში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო როგორც 2008 წლის ომის შედეგებით, ასევე 2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისით. ამ წელს, საერთო სიღარიბე 21%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 2012 წელს 2010 წელთან შედარებით, საერთო სიღარიბის მაჩვენებელი 1.4-ჯერ შემცირდა. თუმცა, სხვა წლებთან შედარებით, შემცირების ტენდენცია სახეზეა, მაგრამ ის კიდევ უფრო შორს არის განახევრებისგან. მაგალითად, 2006 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შეადგენდა 18%-ს, 2011 წელს კი 17,7%-ს, რასთან შედარებითაც, 2012 წელს დაფიქსირებული 14,8%-იანი მაჩვენებელი, სიღარიბის შემცირების კუთხით, გარკვეულ პროგრესს ნამდვილად ასახავს, თუმცა ფაქტია, რომ სიღარიბე ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მეტწილად მცდარად შეფასდა.
ირაკლი ღარიბაშვილის მეორე განცხადება რთველის მიმდინარეობას ეხებოდა. პრემიერი აღნიშნავდა, რომ "მთავრობის ხელშეწყობით 1 კილოგრამი ყურძნის მინიმალური ფასი 1 ლარია. წელს, როგორც რქაწითელზე, ისე საფერავზე რეკორდული ფასი დაფიქსირდა".
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მიმდინარე წელს ყურძენზე მაღალი ფასი დაფიქსირდა. ყურძნის ფასი 2013 წელსაც მაღალი იყო. მიმდინარე წელს რთველი სუბსიდირებულია. სუბსიდია 1 კგ საფერავზე 15 თეთრს, ხოლო რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთავრობა ყურძენზე სუბსიდიას მხოლოდ იმ პირობით გამოყოფს, თუ ჩაბარებული ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იქნება. შესაბამისად, სახელმწიფოს თავისი წვლილი მიუძღვის ყურძნის მინიმალური ფასის დაწესებაში. რაც შეეხება მოსავალს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამჟამად გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა 116 ათას ტონას, ხოლო ყურძნის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 155 მლნ ლარს შეადგენს.
ფაქტ–მეტრის დასკვნით ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება სიმართლეა.
ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი "ქართული ოცნების" დეპუტატის, გიგა ბუკიას განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, "დებატებიც კი არ იყო 2012 წლამდე "რუსთავი 2"–ზე".
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ "რუსთავი 2"-ის პოლიტიკურ თოქშოუებში დებატების ელემენტმა მართლაც იკლო, რაც გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით, გარკვეული ხნით საზოგადოებაში დებატების აქტუალურობის დაკარგვას, პოლიტიკური გადაცემების რიცხვის შემცირებასა და შესაბამისად, გადაცემების ფორმატის ცვლილებას უკავშირდებოდა. თოქშოუების ეთერში დაბრუნების შემდეგ, გიორგი ლაფერაშვილის და ნინო შუბლაძის ინფორმაციით, პრობლემას გადაცემაში მოწვეული პოლიტიკური ძალების უარი ქმნიდა – მონაწილეობა მიეღოთ დებატებში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ 2004 და 2007 წლებში, 2008 წლის პირველ ნახევარში, 2010 და 2011 წლებში ტელეკომპანიის ეთერი არ ეთმობოდა პოლიტიკურ თოქშოუებს და დებატებიც არ იმართებოდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბუკიას განცხადების კონტექსტი მთლიანობაში მართებულია და შესაბამისად მისი განცხადებაც მეტწილად სიმართლეა.