სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურში, საკადრო ცვლილებები იგეგმება.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი, ელგუჯა ჩავლეშვილი და მისი თანამშრომლები, კადრების განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
წყაროსვე ინფორმაციით, სუს-ს უფროსს, ელგუჯა ჩავლეშვილს თანამდებობიდან ათავისუფლებენ, ხოლო აღნიშნული თანამდებობის დაკავება კუდი- ს გურიის ყოფილი მაღალჩინოსნებს სურთ. კონკრეტულად – კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გურიის სამსახურის უფროსს, ვანო საჯაიას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოდეერს, ვანო ბარამიძეს და ასევე, სუს-ს ქობულეთის სამსახურის უფროსს დავით ცხომელიძეს.
აღნიშნული პიროვნებები დღეს მოქმედი ძალოვანები არიან, ხოლო 2012 წლამდე, კუდი- ს გურიის ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ.
დავით ცხომელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მკვიდრია, რომელიც ბოლო წლები, აჭარა-გურიის სააღმსრულებლო ბიუროს აღმასრულებელი იყო, საპარლამენტო არჩევნების წინ, 2012 წელს, კუდ-ის გურიის სამსახურის თანამშრომელი გახდა. არჩევნების შემდეგ კი, მან ანტიკორუფციული დეპარტამენტის გურიის სამსახურში გააგრძელა მუშაობა.
ქობულეთის სუს-ს სამსახურის ყოფილი უფროსი, ვანო ბარამიძე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ კუდ-ის უფროსი იყო გურიაში, აჭარაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაარძელა მუშაობა.
იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები სუს-ს გურიის სამსახურში და არიან თუ არა თანამშრომლები კადრების განყოფილებაში გადაყვანილი, “გურია ნიუსი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად, დაუკავშირდა სუს-ს გურიის სამსახურის უფროსს, ელგუჯა ჩავლეშვილს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას არც უარყო და არც დაადასტურა.
"ვერ გეტყვით, მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა ჩავლეშვილმა.
"გურია ნიუსი" შეეცადა ინფორმაციები სხვა პიროვნებებთან გადაემომწებინა. ივანე ბარამიძემ გვითხრა, რომ მას არავის ადგილი არ სურს.
"მე ვმუშაობ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აჭარაში ოდეერად, მე არ მსურს სხვისი თანამდებობა, არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ჩემს სურვილზე ნამდვილად ვერ ვმოქმედებ, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებ, სადაც გამიშვებენ იქ შემიძლია მოვემსახურო ჩემს ქვეყანას, დანარჩენი შსს-ს გადასაწყვეტია", _ გვითხრა ბარამიძემ.
ვანო საჯაიამ ტელეფონი გამორთო, დავით ცხომელიძემ როგორც კი ჩვენი ხმა გაიგონა, მაშინვე გათიშა ტელეფონი.
შსს-ში, სუს-ს გურიის სამსახურში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ, ინფორმაციას არ ადასტურებენ.