23-24 სექტემბერს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების აღსადგენად, ქვეყნის მთავრობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების სახით 68 025 ლარი გამოუყო.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურში გვითხრეს, აღნიშნული თანხით იმ თორმეტი ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები გაკეთდება, რომელიც მოვარდნილმა ღვარცოფმა განსაკუთრებით დააზარალა.
აქედან, 42 500 ლარი აკეთში მდინარე სუფსის ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტის შედგენას მოხმარდება, ასევე, ამ კუთხით აცანაში _ 300 ლარი, ხოლო ნიგვზიანში 1 350 ლარი დაიხარჯება.
შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები გახორციელდება: ნიგოითში (ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა _ 1675 ლარი), მამათში (სოფლის შიდა გზები _ 675 ლარი), ღრმაღელეში (წყალწმინდაში ძირითად გზას მოწყვეტილი 15 ოჯახისთვის დამეწყრილი გზის მონაკვეთი _ 8 000 ლარი), აცანაში (ჭალა-ეწრის დამაკავშირებელი დამეწყრილი მონაკვეთი _ 12 000 ლარი, ე.წ. მერვე ბრიგადის დამეწყრილ გზაზე მილხიდების შეცვლა _ 225 ლარი), ნიგვზიანში (წიაღობნის შიდა გზები _ 250 ლარი).
სოფელ წყალწმინდაში სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანგრეული სამანქანო ხიდის რეაბილიტაციის პროექტისთვის გამოიყო 650 ლარი, ხოლო სუფსაში ნაგუზალოვების ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის პროექტისთვის _ 400 ლარი.
აღნიშნული პროექტების გახორციელების შემდეგ, უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯერი დადგება და მთლიანობაში მინისტრთა კაბინეტს ორი მილიონ 721 ათასი ლარის (სავარაუდო თანხა) გაღება მოუწევს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მოხდება სექტემბრის ბოლოს კიდევ ერთი სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების საპროექტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის გადმორიცხვაც, რომელიც 34 ათას ლარს აღემატება. კონკრეტულად, რა ობიექტებს მოხმარდება ეს თანხა და რა დაუჯდება ცენტრალურ ბიუჯეტს მათი აღდგენა, ჯერ ეს ცნობილი არ არის.