ლანჩხუთში საჯარო მოხელეთა დანიშვნების სერია ნელი ტემპით კვლავაც გრძელდება. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ზენაიშვილმა სავარძელიც შეინარჩუნა და პირველი მოადგილის სტატუსიც. ჩვენი ინფორმაციით, იყო შეთავაზებები ზენაიშვილი რომელიმე გამგეობის გარე სამსახურის უფროსად გადასულიყო. ყველაზე ხშირად ბატონი ვახტანგის სახელი კულტურის სფეროს გაერთიანებული ა(ა) ი პ-ების შესაძლო ხელმძღვანელთა შორის მოიაზრებოდა. თუმცა, თავად იგი კატეგორიულად უარყოფდა ამ მოარულ ხმებს და ბეჯითად ამტკიცებდა, _ არაფერი მსგავსი არაა მოსალოდნელი, დანიშვნები ეტაპობრივად ხორციელდება და ჩემი დანიშვნაც გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე უახლოს პერიოდში მოხდება. მე აუცილებლად შევინარჩუნებ პოსტსო.
შეინარჩუნა კიდეც და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი მოადგილის რანგში. გამგებლის პირველ მოადგილეს, კმაყოფილებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც დიდი აქვს მას: როცა საჭიროება მოითხოვს, გამგებლის მოვალეობის შესრულება უწევს და შესაბამისად, ყველა სფეროს კურატორობაც. უფრო კონკრეტულად, თუ როგორ გადანაწილდება უფლება-მოვალეობები ორ მოდგილეს შორის, რა იქნება მათი უპირველესი პრეროგატივა, ეს ჯერ გამოკვეთილი არაა. გამგებელს ორ მოადგილესთან ერთად მოუწევს მუნიციპალიტეტის მართვა.
ზენაიშვილის მსგავსად, პოზიციები გაიმყარა ქალბატონმა მაგული კუნჭულიამაც, რომელიც ოფიციალურად დაინიშნა გამგეობის ადმინისტრაციის უფროსად _ აქამდე ის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ქალბატონ მაგულისთან დაკავშირებით, როგორც ჩანს გუნდის შიგნით საკმაო მწავავე დაპირისპირება იყო _ ბოლო საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "თავისუფალი- დემოკრატების" თავმჯდომარემ ელგუჯა ჩხაიძემ ქალბატონი მაგულის წინააღმდეგ საჯაროდ გაილაშქრა, მისი თანამდებობაზე დანიშვნა მიუღებლად ჩათვლა და საამისო არგუმენტად ბრალდებების კორიანტელიც დააყენა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩხაიძის ბრალდებები ყურად არავის უღია და კუნჭულიას ადმინისტრაცია მაინც ჩააბარეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved