მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ლანჩხუთს კინო ექნება, იგი ბინას მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში დაიდებს. ა(ა)ი.პ-ი "კულტურის ცენტრის" უფროსის გია იმნაიშვილის თქმით, ყველაფერი უშუალოდ კულტურის სამინისტროს კინოს განყოფილების ორგანიზებით ხდება, ადგილზე კი საქმეს სათავეში გუგა ვადაჭკორია უდგას.
"ამ ეტაპზე მზადებაში ვართ, ხდება ეკრანის გადაჭიმვა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. ყველანაირი საჭირო აპარატურა ჩამოტანილია. რამდენჯერმე საცდელი კინოჩვენებაც გვქონდა. სავარაუდოდ, ყველაფერი მოკლე ხანში დამთავრდება და კინო მაყურებელის მიღებას მალე შეძლებს. ჩვენი შენობა უფრო თეატრის მაყურებელზეა გათვლილი, მით უმეტეს, სამომავლოდ დასის აღდგენაც გვაქვს გეგმაში. თეატრი სხვა სულ სხვა სპეციფიკაა. ჩვენ გვქონდა საუბარი კინოს განყოფილების წარმომადგენლებთან, გავაცანით ჩვენი პოზიციები და მოვითხოვეთ, ტექნიკური ბაზის დაზიანების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება თავის თავზე აეღოთ. ასეც შეგვპირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის ალტერნატიული ფართი, სადაც თავისუფლად შეიძლება კინოდარბაზის მოწყობა. ვნახოთ, რა იქნება, რა შემოსავლებს მოგვცემს კინო და დასკვნებსაც მერე გავაკეთებთ" – გვითხრა ბატონმა გიამ.
სხვათა შორის, აღნიშნულმა ინფორმაციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია რიგით ლანჩხუთელებს შორის. შედარებით ახალგაზრდა თაობა ამ ახალ ინიციატივას მიესალმება, ზოგი მათგანისთვის ხომ სრულიად უცხო ხილია ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა, და დიდად არ დაგიდევენ სად და რომ, შენობაში იქნება იგი. აი უფროსი თაობა კი კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს კულტურის სახლში კინოდარბაზის მოწყობას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved