სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოსთან (IREX) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ,,საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“. პროექტის მიზანია, შეიქმნას ბიბლიოთეკების სრულიად ახლებური კონცეფცია, სადაც ტრადიციულ საბიბლიოთეკო მომსახურებებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს კომპიუტერით, ინტერნეტით, მოაწყოს შეხვედრები და ამავდროულად იმავე შენობაში მიიღოს როგორც საჯარო (სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს ეროვნული არქივის) ასევე კერძო (ბანკი, მობილური კავშირგაბმულობის კომპანია) სექტორის სერვისები. ეს იქნება ბიბლიოთეკისა და „საზოგადოებრივი ცენტრის“ ნაზავი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ ხიდისთავში მდებარე ბიბლიოთეკის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოხდება ხიდისთავის ბიბლიოთეკის ავეჯით, ტექნიკით, წიგნებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნული სერვისების მიწოდებას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული ორი თანამშრომელი. კანდიდატების შერჩევა მოხდება ღია და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
-
განცხადებების გადარჩევა;
-
ტესტირება საკანონმდებლო აქტებში და ზოგად უნარებში;
-
გასაუბრება კონკურსანტებთან, რომლებმაც გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვარი.
გასაუბრების შედეგად შერჩეული იქნება ორი საუკეთესო კანდიდატი. ორივე კანდიდატი მოსახლეობისათვის გასაწევი მომსახურების შესწავლის მიზნით განაწილებამდე გაივლის სტაჟირებას სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრსა და საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ სამსახურსა და იუსტიციის სახლებში. (სტაჟირების პერიოდში კანდიდატებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის ტესტირებები და გამოცდები).
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის (hr.gov.ge) საშუალებით.
(R)