ალბათ, ყველაზე ღვთაებრივი, იესო ქრისტეს შემდეგ, ჩემი აზრით, იყო მაჰათმა განდი (1869-1948 წწ).
დღეს, როცა გვესმის, რომ "შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო", მე რატომღაც, იოსებ სტალინი მაგონდება _ მის სიდიადეს ხომ ღირსეულად აფასებდნენ მთელ მსოფლიოში, მტრებიც კი, გარდა ქართველებისა, მხედველობაში თუ რ მივიღებთ იშვიათ გამონაკლისს.
როგორც მახსოვს, ქართველების უმრავლესობას მისი ეშინოდა და ვეჭვობ, რომ დღესაც ეშინიათ. რა ფენომენთან გვაქვს საქმე?!
ფილოსოფოსი ნ. ბერდიაევი ამბობდა, რომ ათეიზმი ღმერთთან შესასვლელი კარია მეორე მხრიდანო. ალბათ, ღრმად მორწმუნე სემინარისტი, იმ მეორე შესასვლელიდან აკვირდებოდა ჩვენს სისხლში ჩაბუდებულ იმ გენეტიკურ უკუღმართობას, რომელზეც თავის დროზე ერის მამები _ ილია და აკაკი მიუთითებდნენ, რამაც დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებული სიმახინჯით გაიდგა ფესვები და "ამაყად" შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, ე. წ. "თავისუფლებასთან" ერთად.
დავას არ ვაპირებ. ვცდილობ, გამოვთქვა მხოლოდ სუბიექტური აზრი, ზოგიერთ "ჯიუტ" ფაქტთან დაკავშირებით.
როცა იმ ავადსახსენებელი სოციალიზმის მშენებლობის განთიადზე სტალინს შინაურულად დაუსვეს შეკითხვა, რას უნდა ველოდოთო, დიდი ხნის დუმილის შემდეგ უპასუხია: "მუშის და გლეხისთვის არასდროს გათენებულა, მაგრამ ეს სხვას აჯობებსო". თუ რამდენად გამართლებული იყო ის პასუხი, ვეცდები, მკითხველთან ერთად გავაანალიზო წერილის ბოლოს.
ჩემთვის პირადად, რაც მეტი დრო გადის სტალინის ტიტანური მოღვაწეობიდან, უფრო და უფრო გაუგებარია, თუ რაში ადანაშაულებენ მას ეს თავად უაზროდ პრეტენზიული ქართველები.
მაგრამ ჯერ დავუბრუნდეთ მაჰათმა განდის, რომელიც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როცა მარჯვენა ლოყაზე ურტყამდნენ, მარცხენას უშვერდა ჯალათს, რომ საკუთარი ტანჯვის ფასად შეეყვანა მათ შეგნებაში ჯალათობის უკუღმართობა.
ის იყო იურისტი და ჩვენი იურისტებისგან განსხვავებით, ბრწყინვალედ იცოდა კანონის ნორმები და ჩარჩოები. ანუ, როგორც ვხედავთ, მისი არჩეული გზა თავისუფლებისკენ გამოდგა ყველაზე მოკლე. გზა, რომლითაც მან შეძლო ინგლისელი კოლონიზატორების მორჯულება, ასე ვთქვათ, ნამუსზე აგდებით. ინგლისელებმაც თავდახრილებმა დატოვეს ყოველგვარი სროლების და ნგრევების გარეშე მათ მიერ აშენებულ-დამშვენებული ინდოეთი.
ბრიტანელების მორჯულება რომ ადვილი ყოფილიყო, ამას 300 წლით ადრე გააკეთებდა ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის ლიდერი ოლივერ კრომველი (1599-1658), რომელმაც სიკვდილით დასაჯა კარლოს I სტიუარტი; რომელმაც თავები დააყრევინა იმ ურჩი ფეოდალების უმრავლესობას იმისთვის, რომ ქვეყანას თავის დროზე ჰქონოდა ხორცი და მატყლი, რისთვისაც საჭირო იყო მილიონობით ცხვარი თავისი საძოვრებით, რომლებსაც ის ურჩი ფეოდალები პატრონობდნენ… და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ინგლისურ მაუდს დროულად დაეპყრო მსოფლიო ბაზარი.
ასე რომ, დღევანდელი ინგლისის ძლიერებით, მშვენიერებითა და ფუფუნებით როცა ტკბებიან ჩვენი გამათხოვრებული ქვეყნის მთავრობის წევრები, ნუ დაავიწყდებათ, რომ ეს ინგლისი კრომველის მიერ შექმნილ საძირკველზე დგას, რომელსაც, როგორც ვხედავთ, უბრალოდ იმის დრო არ ჰქონდა, ფეოდალები ნამუსზე აეგდო მეორე ლოყის მიშვერით.
და აი, ელემენტარულმა ლოგიკამ მიგვიყვანა მთავარ საკითხთან: თუ კრომველი XVII საუკუნეში დროში "იწვოდა," რა უნდა ექნა სტალინს XX საუკუნეში, სადაც ყოველგვარი კაპიტალიზმის გავლის გარეშე, ველური ფეოდალიზმი მძვინვარებდა რუსეთსა და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ყაზახეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში, სადაც ერთი "მუჭა" ფეოდალები ჩაფლული იყვნენ ფუფუნებაში, ხოლო ხალხი სნეულებებით, შიმშილითა და სიცივით იხოცებოდა?! ან რა, XXI საუკუნის "ფეოდალიზმის" შემხედვარე პოსტსაბჭოურ სივრცეში და კერძოდ, საქართველოში უკეთესი ან დამამშვიდებელი მდგომარეობაა?
ზოგიერთი ქართველი იმასაც აყვედრის სტალინს, რატომ იყო იგი რუსეთის სამსახურშიო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საქართველოში არ გააჩერეს, თუმცა, ეს არაფერი _ ამ იდიოტურ ირონიას თუ შეკითხვას შესანიშნავად ერგება სულცხონებული აკაკი ბაქრაძის გამოთქმა, რომ შავი ზღვა პატარა არ არის, მაგრამ ვეშაპისთვის სამოძრაოდ და საცხოვრებლად გამოუსადეგარიაო.
პირადად მე, სტალინიზმის გაცოცხლების არანაირი სურვილი არ გამაჩნია, ვინაიდან სულ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ნუ ვიქნებით უმადურები. ამერიკასა და ევროპას აქვთ საბაბი ლანძღონ სტალინი, მაგრამ როცა ისინი ამას აკეთებენ ჩვენი ენითა და ხელებით, მერწმუნეთ, ეს ჩვენივე უზნეობაა.
მინდა მივმართო იმ ქართველებს, რომლებიც თავიანთი ინტელექტუალური შეზღუდულობის გამო, სტალინის გინებით არიან დაკავებულები, წაიკითხონ სერ უინსტონ ჩერჩილის მოგონებები სტალინზე. ამით ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ვინც ამას არ მოისურვებს, დავუსვამ ერთ შეკითხვას, რომელზეც მე პასუხი არ მაინტერესებს _ ჩაიხედოს სარკეში და უპასუხოს საკუთარ თავს: რატომ არის უკმაყოფილო ქვეყნის მოსახლეობის 90% იმ ცხოვრებით, რომლითაც ცხოვრობს?!
მე ვეტყვი ჩემებურად: იმიტომ, რომ ცუდნი ვართ, კარგი რომ ვიყოთ, კარგად ვიქნებოდით. ეს აქსიომაა. ამბიციურები, შურიანები, გაუტანლები და ზარმაცები შვებას ვპოულობთ ქვეყნის საამაყო შვილების, სტალინისა და ბერიას ლანძღვა-გინებაში.
1959 წლის 21 დეკემბერს ინგლისის "თემთა პალატაში," სტალინის 80 წელთან დაკავშირებით, სერ უინსტონ ჩერჩილმა გააკეთა შემდეგი განცხადება: "სტალინი იყო ყველა ხალხის და ყველა დროის უდიდესი ადამიანი. არ მაინტერესებს, აგრძელებდა თუ არა ის ლენინის საქმეს, მაგრამ ის ღირსეულად აგრძელებდა ბევრი და ბევრი ევროპელი მონარქების საქმიანობას. ანალოგიური საქმის გაკეთებას, რომელიც მან შეძლო გაეკეთებინა მისი სიცოცხლის ბოლო 30 წლის მანძილზე, ბრიტანეთის არისტოკრატიამ მოანდომა 250 წელიწადი. განსხვავება იყო მხოლოდ იმაში, რომ თუ დიდი ბრიტანეთის მაღაროებში რკინის საყელოებით დაბმული მონები მუშაობდნენ, სტალინის რუსეთში ყოველივე ამას "სტახანოვური მოძრაობის" დროშის ქვეშ აკეთებდნენ".
ჩერჩილს რომ ყოველივე ეს სტალინის სიცოცხლეში ეთქვა, შეიძლება, ეს პოლიტიკური თამაშებისა და ინტრიგებისათვის მიგვეწერა, მაგრამ გარდაცვლილი კლასობრივი მტრის და თანაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის მსგავსი დახასიათება, მართლაც ალალი სიტყვებია.
თეირანის კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერ ენტონ იდენი შენიშნავს, რომ თუ გალაქტიკათა შორის მსგავს კონფერენციას ექნება ადგილი, უპირველესად იქ სტალინი უნდა იყოს წარმოდგენილიო. მართალია, ეს სადღეგრძელოში ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ იმ დონეზე ასეთი ხუმრობა სათანადოდ დასაფასებელია. თუმცა, შორს იყო ხუმრობისგან გენიალური პიკასო, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვის პასკვილებს ასე გამოეხმაურა: "კაცობრიობის ისტორიაში სტალინი ყველაზე დიდი ადამიანების სამეულშია, ხოლო მათ შორის პირველის დასახელება თქვენთვის მომინდია".
1941 წლის 7 ნოემბერს, მოსკოვის სამხედრო აღლუმიდან სტალინი ჯარებს ცეცხლის ხაზზე აცილებდა სიტყვებით: "თქვენ იმედის თვალით შეგცქერის დამონებული ევროპა, როგორც თავის გამათავისუფლებელს!" …და ეს იყო ლომის ხმა, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიგო!
ისტორიულად ცნობილია "დიდი სამეული". და მაინც, ვინ იყო ყველაზე დიდი?! ჩერჩილს ჩრდილი მიაყენა მისმა სულმდაბლობამ, როცა მისი ბრძანებით, გამცილებელი სამხედრო გემების მიერ მიტოვებული იქნა იარაღით დატვირთული სამოქალაქო გემების ქარავანი, რომლებისგანაც ერთი-ორის მეტი არ გადარჩენილა. ინგლისის საადმირალოს ყოფილ პირველ ლორდს, სერ უინსტონ ჩერჩილს ამგვარ უღირს დონემდე დაცემა ეკადრებოდა? მეორე: ინგლისის ქალაქი ქოვენტრი, სადაც წყალქვეშა გემები შენდებოდა, ჰიტლერის ბრძანებით მიწასთან იქნა გასწორებული. ეს ამბავი რამდენიმე დღით ადრე ცნობილი იყო ჩერჩილისთვის, მაგრამ თითი თითს არ დააკარა იმისთვის, რომ ქალაქიდან გაეყვანა ერთი ბავშვიც კი, იმიტომ რომ არ "დამწვარიყო" მისი პირადი მზვერავი.
ასევე, რუზველტმა იცოდა ჰავაის კუნძულებზე აშშ-ს სამხედრო საზღვაო ბაზაზე, პერლ ჰარბორზე იაპონელების თავდასხმის შესახებ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა უზარმაზარი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, იმიტომ, რომ კონგრესს ხელ-ფეხი გაეხსნა მისთვის და აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაბმულიყო.
ასე რომ, როცა გვესმის პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ზუსტად ასეთი პოლიტიკოსები უნდა გვყავდეს მხედველობაში.
გრამიტო (გერმანე) მამინაშვილი